ფეხბურთი

17:30 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “მინდორზე რეგულარულად ყოფნა მინდა და არა ხუთი წუთი თამაში”
ქართველი ფეხბურთელი თავისი სიძლიერის დამტკიცებას “კრილია სოვეტოვში” აპირებს

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ განაცხადა, რომ მოსკოვის “სპარტაკში” დაბრუნებას უფრო გაძლიერებული აპირებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ანანიძეს ჰოლანდიური “ვიტესის” ვარიანტი ჩაეშალა და იჯარის წესით “კრილია სოვეტოვში” ითამაშებს. ის სასურველი ფორმის დაბრუნებას სწორედ სამარაში გეგმავს. ჯანომ თავისი გეგმების შესახებ სპარტაკელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“არ ვმალავ, რომ ძალების მოსინჯვა “ვიტესში” მსურდა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიწვევდა და ეს ვარიანტი ჩემთვისაც პრიორიტეტული იყო. სამწუხაროდ, დოკუმენტებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები შეიქმნა და მართალია, ანაზღაურების მხრივ სერიოზულ დათმობებზე წასასვლელადაც მზად ვიყავი, ტრანსფერი მაინც არ შედგა.
მადლობას ვუხდი “სპარტაკს”, რომელმაც არჩევანის გაკეთების საშუალება მომცა – “ვიტესამდე” ხომ გუნდს ოფიციალური წინადადებით “კრილია სოვეტოვმა” მიმართა. როდესაც ჰოლანდიური ვარიანტი გამოჩნდა, გუნდს მოსაფიქრებლად გარკვეული დრო ვთხოვე. პაუზა ძალიან გაიწელა, თუმცა, ხელმძღვანელობამ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა.
ახლა, “ვიტესი” ჩაიშალა და სამარაში მივდივარ. მოსამზადებელი ციკლი 14 იანვარს იწყება. მართალი გითხრათ, რუსეთშივე სხვა ვარიანტებიც იყო, თუმცა, “კრილია სოვეტოვის” მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა. პირობა მივეცი, რომ თუკი უცხოური ვარიანტი არ გამოვიდოდა, მასთან წავიდოდი.
ბოჟოვიჩს როგორც მწვრთნელსა და უბრალოდ ადამიანს, დიდ პატივს ვცემ, მან კი, ჩემი შესაძლებლობები იცის კარგად, რადგანაც “როსტოვში” ერთად უკვე ვმუშაობდით. სამწუხაროა, რომ “კრილია” რუსეთის თასის საგაზაფხულო სტადიამდე ვერ მივიდა, ამდენად, იმ წარმატებას ვერ გავიმეორებთ, რასაც 2014 წელს როსტოვში მივაღწიეთ.
იჯარას გაგებით ვეკიდები და ჩემს მდგომარეობას ადეკვატურად ვაფასებ: ტრავმიანობამ თავისი დაღი დამასვა, სადღაც ალბათ, თავადაც დავაკელი. ამდენად, თამაშიდან თამაშამდე უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ. და ამას ნამდვილად გავაკეთებ! მე მებრძოლი ვარ. ადრეც მქონდა ასეთი პერიოდი, როდესაც საჭირო იყო ერთი ნაბიჯი უკან, რათა შემდეგ წინ ორი გადამედგა. ახლა, იგივე კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთო.
მინდა, მინდორზე რეგულარულად ვიყო და არა ხუთი წუთი ვითამაშო. უფრო ძლიერი მხოლოდ ასე გავხდები და “სპარტაკშიც” თავდაჯერებული დავბრუნდები".

0.0672