ხელბურთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 10 იანვარს, დილით მიემგზავრება მალტაში, ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის საკვალიფიკაციო ტურნირის სათამაშოდ, ორი დებიუტანტია. ერთი მათგანი გახლავთ საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის შავი ზღვის ბიჭების 22 წლის მარჯვენა გარემარბი, ირაკლი გოგოლაძე. მას ბევრი უთამაშია ასაკობრივ ნაკრებებში - 2014 წელს, ხორვატიასა და 2016 წელს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე, IHF ტროფიზე ანდორასა და ქუთაისში. ეროვნული გუნდის ჯერიც დადგა.
— ირაკლი, ელოდი ამ გამოძახებას?
— არ დაგიმალავთ და ველოდი. ყოველ შემთხვევაში, შეკრებაზე მაინც რომ გამომიძახებდნენ, მჯეროდა.
— მაშინ, მალტის მოახლოებულ ტურნირზე გვითხარი რამე. ჩვენს შანსებს როგორ შეაფასებდი?
— ვფიქრობ, ფავორიტები ვართ. მალტას და აზერბაიჯანს უეჭველად უნდა მოვუგოთ. კვიპროსთან სავარაუდოდ, ყველაზე დაძაბული თამაში გველის, მაგრამ მაინც უნდა ვაჯობოთ.
— ნაკრების მწვრთნელზე, ჯორჯე რაშიჩზე რას გვეტყვი?
— 2014 წელს მიმუშავია მასთან. უფრო სწორად, მას უმუშავია ჩემთან. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ანდორაში თამაშობდა IHF ტროფიზე. იქ ფინალამდე ძალიან კარგად მივედით და აბსოლუტურ ფავორიტებად ვითვლებოდით ფინალშიც, მაგრამ მოულოდნელად წავაგეთ ფარერის კუნძულებთან.
რაშიჩი სერიოზული სპეციალისტია. საინტერესო ვარჯიშები აქვს, გუნდურ თუ პერსონალურ დავალებას კარგად გიხსნის და თამაშიც კარგად მიჰყავს.
— შენს პოზიციაზე საკმაოდ მწვავე კონკურენციაა...
— დიახ. მარჯვენა კუთხეში ვიქნებით რეზო ჭანტურია, მე და გიორგი დიხამინჯია, რომელიც ალბათ მარჯვენა ინსაიდადაც ითამაშებს. თამაში ყველას მოგვიწევს. ვეცდები, რა დროც მომეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენო.
— შემდეგ ეტაპზეც, პლეიოფში, დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან მოგვიწევს ბრძოლა. მაგალითად, არ არის გამორიცხული შენთვის ნაცნობი იტალია შეგვხვდეს.
— იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მართლაც მითამაშია. შარშან თბილისის ტურნირზე, რომელზეც მე ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი. ნორმალური გუნდია. თუ, ვთქვათ იტალია, შეგვხვდება, საინტერესო თამაშს უნდა ველოდოთ.
— გასულ ზაფხულს, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე, თბილისში, სწორედ იტალიამ გაიმარჯვა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
— ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდში „მონპელიეს“ ორი წევრი, ძმები მარკო და სიმონე მენგონები თამაშობდნენ. ისინი საფრანგეთში ჩვენი გიორგი ცხოვრებაძის თანაკლუბელები არიან. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ იტალიაში ხელბურთი აღმავლობის გზაზეა და ახალგაზრდული გუნდები დიდ ნაკრებზე უკეთესები ჰყავთ. იგივე ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც თბილისში ვიხილეთ შეკრული, კოლექტიური ხელბურთის მიმდევარი გუნდი იყო. კრიტიკულ სიტუაციებში არ იბნეოდა. 3-4 ბურთიან უპირატესობას რომ დაიჭერდა, თამაშის სადავეებს ხელში იღებდა და მის მსვლელობას აკონტროლებდა. იტალიელები დიდი უპირატესობის მოსაპოვებლად ენერგიას არ ხარჯავდნენ და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეჭვი არ არის, იმავე მენგონებს სულ მალე ვნახავთ უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.
— ბათუმის BSB-ში თამაშით კმაყოფილი ხარ?
— ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თავს პროფესიონალად ვგრძნობ. გუნდის ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ მთვლიან. ვარჯიში დავიწყე ფონიჭალაში, მეშვიდე სკოლაში, ზაზა სამადაშვილთან, 12 წლის ვიყავი. მერე გადავედი ქარიშხალაში, აქ უკვე უმაღლეს ლიგაში ვითამაშე, შემდეგ იყო სტუ და საქართველოს სამგზის ჩემპიონობა ამ გუნდში. ერთი სეზონი ვიყავი სამტრედიის ძალიან საინტერესო გუნდში - იმ წელს, 2016-ში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ ბათუმთან, ამის შემდეგ კი ბათუმში მიმიწვიეს - 2017 წელს ფინალი წავაგეთ თელავის იმედთან, შარშან კი ჩემპიონები გავხდით ქუთაისთან უდრამატულესი ფინალის შემდეგ.
— კარგი ბიოგრაფია დაგიგროვდა. უცხოეთიდან თუ გქონია შემოთავაზება?
— შარშან მქონდა, აზერბაიჯანიდან, მაგრამ არც ფინანსურად იყო საინტერესო და არც სპორტული თვალსაზრისით. ნამდვილად მინდა, უცხოეთში მოვსინჯო ძალები. ვფიქრობ, ეს ჩემი განვითარებისთვის კარგი იქნება.
ირაკლი გოგოლაძე: დაიბადა 1996 წლის 15 ნოემბერს. ხელბურთში ვარჯიში დაიწყო 2008 წელს, მე-7 სკოლაში, ზაზა სამადაშვილთან. კარიერა: ქარიშხალა (2011-12) - სტუ-შევარდენი (2012-15, საქართველოს სამგზის ჩემპიონი) - სამტრედია (2015-16, ვერცხლის პრიზიორი) - ბათუმის შავი ზღვის ბიჭები (2016-19, საქართველოს ჩემპიონი) - ეროვნული ნაკრების დებიუტანტი. უთამაშია ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში.
ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019
მეორე ეტაპზე, პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
კოსპიკვა, კოტონერას სპორტკომპლექსი
11 იანვარი. 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა,
12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი
13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა