გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება.
“ალ შამალმა” სტუმრად “ალ ხორს” 80:78 სძლია, ჩვენებურები კი ტრადიციულად აქტიურები იყვნენ. ცინცაძემ შეუცვლელად 40 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
გიორგის მონაგარი 18 ქულა, 10 პასი, 3 მოხსნა და 2 პასი იყო. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 5-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მხოლოდ ერთხელ შეცდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ყატარელ მოჰამედ ჰარატს (34) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.
რაც შეეხება ბერიშვილს, მან მოედანზე 37 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მიშამ 9-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთხელ დაირღვა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა.
“ალ შამალი” ყატარის პირველობას “ალ სადთან” მხარდამხარ ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, შინ, აშკარა აუტსაიდერ “ალ რაიანთან” გამართავს.