„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ აუცილებლად მოითხოვს კლუბის ხელმძღვანელობისგან გუნდის კაპიტან, ვენსან კომპანისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. ბელგიელის „ქალაქელებთან“ ხელშეკრულებას ამ სეზონის ბოლოს გასდის ვადა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ძალიან მინდა, რომ კომპანი „სიტიში“ დარჩეს. ის ჩვენი კაპიტანია და გუნდში უკვე 10 წელიწადია თამაშობს. ბოლო ორ მატჩშიც: „საუთჰემპტონთან“ და „ლივერპულთან,“ ყველამ კარგად დაინახა რამხელა პიროვნება და უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „სიტის“ ოფიციალური გვერდი.
ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სიტიმ“ კომპანისთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და ამ თემას სეზონის შემდეგ, ზაფხულში დაუბრუნდება.
თავად კომპანისაც სურს კლუბში დარჩენა და ამისათვის ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა. ამჟამად მისი ჯამაგირი კვირაში 220 ათას გირვანქას შეადგენს.