კალათბურთი

2:55 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის დიდებული მატჩი და MVP-ის ტიტული ევროლიგაში (+VIDEO)

ევროლიგის მე-16 ტურში დიდებული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომლის „ბუდუჩნოსტი“ მილანში, „ოლიმპია მილანოსთან“ უშანსოდ დამარცხდა - 94:111.

მონტენეგროელები პირველივე პერიოდში ჩამორჩნენ და მთელი თამაში ასეთი სცენარით განვითარდა. შედეგად, ფავორიტად შერაცხულმა იტალიელებმა საკმაოდ ადვილად შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

თუმცა, „ბუჩნოსტის“ წაგებაში გოგა ბითაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე. ქართველმა კარიერაში მეორედ ითამაშა ევროლიგაზე და მიუხედავად იმისა, რომ ტური არ დასრულებულა, აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურის MVP-ის ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია.

აი, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი ნამდვილად იყო. ქულებითაც ყველას აჯობა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლითაც. ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 26:50 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში 19 წლის ქართველმა ცენტრმა 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

გოგამ 12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, 4-ჯერ დაჯარამდა, 8-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ხოლო 2-ჯერ დაუფარეს. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. აქვე ვთქვათ, რომ 23 ქულითაც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მოხსნების რაოდენობით კი მხოლოდ იტალიელთა წევრ არტურას გუდაიტისს ჩამორჩა (12). 3 დაფარებაც გოგას გარდა სწორედ ლიტველ კალათბურთელს მოუგროვდა.

„ბუდუჩნოსტი“ კი ევროლიგაში ძალზე წარუმატებლად თამაშობს - 16 მატჩში 3 მოგების წილ 13 წაგება აქვს და ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ევორლიგის ეგიდით მონტენეგროელები 9 იანვარს, თელ-ავივში „მაკაბისთან“ ჩაატარებენ.

0.120798