ჩოგბურთი

20:53 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ჯოკოვიჩს ღირსეული ბრძოლა გაუმართა

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს გაეჯიბრა და 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

თამაში ორ საათს გაგრძელდა და წაგების მიუხედავად, ის ნიკას აქტივში უნდა მივათვალოთ. გარდა იმისა, რომ ბასილაშვილმა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს საწყისი სეტი მოუგო, საერთო ჯამშიც, “ნოლეს” ღირსეული ბრძოლა გაუმართა და ამ უკანასკნელს წარმატებისთვის ბოლომდე დახარჯვა მოუწია.
ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე 72% (39 54-დან) მოიგო, მეორეზე კი – 43% (12 28-დან).
შეგახსენებთ, რომ დღევანდლამდე, QATAR EXXONMOBIL OPEN-ზე მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა 2 მატჩი მოიგო: პირველ რაუნდში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 6:1, 1:6, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა – 6:3, 6:4.
ამ დროისთვის, ბასილაშვილს ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 1820 ქულით მე-20 ადგილი უკავია და უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ კლასიფიკაციაში ამ პოზიციას შეინარჩუნებს, ეს კი, ჩვენებურისთვის კარიერის ახალი რეკორდია.

0.126351