26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 313 215 დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგან – სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შერკინება ელის.
შეგახსენებთ, რომ მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა QATAR EXXONMOBIL OPEN-ის პირველ რაუნდში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 6:1, 1:6, 6:1 სძლია, დღეს კი, რუსი ანდრეი რუბლიოვის დამარცხებაც მოახერხა – 6:3, 6:4.
თამაში საათსა და ორ წუთს გაგრძელდა და ქართველ ჩოგბურთელს 8 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მან 4-ვე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ წააგო. ნიკამ პირველ მოწოდებაზე ბურთების 86% (31 36-დან) მოიგო, მეორეზე კი – 33% (8 24-დან). საერთო ჯამში ჩვენებურმა სათავასოდ 63 გათამაშება დაასრულა, ხოლო რუსმა – 48.
ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რეალურად კი 25 აიმატა, რადგანაც 20 ქულა შარშანდელი ტურნირიდან ჰქონდა დასაცავი. ATP-ს ლაივ-კლასიფიკაციაში ქართველ ჩოგბურთელს 1820 ქულა მოუგროვდა და ის მე-20 ადგილზე იმყოფება, რაც ჩვენებურის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელიც ცხადია, დოჰაშიც პირველ ნომრადაა განთესილი. ნოვაკმა ყატარში ასევე 2 გამარჯვება იზეიმა: 6:1, 6:2 – დამირ ძუმჰურთან (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და 4:6, 6:4, 6:1 – მარტონ ფუჩოვიჩთან (უნგრეთი).
ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა 3 იანვარს გახლავთ დაგეგმილი, გამარჯვებულს კი 90 სარეიტინგო ქულა ერგება. ვთქვათ ისიც, რომ ნიკასა და ნოვაკს შორის უმჯობესი ნახევარფინალში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის მატჩში გამარჯვებულზე გადის.