დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი კრისტიან პულიშიჩი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
პულიშიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გერმანიაში დარჩება, ხოლო ინგლისურ გუნდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულებამ 64 მილიონი ევრო შეადგინა.
„კრისტიანის ოცნება ყოველთვის პრემიერლიგაში თამაში იყო. ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვეძლო ახალი კონტრაქტის გაფორმება“, - განაცხადა „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა ცორკმა.
„მოხარული ვართ, რომ კონტრაქტი გავუფორმეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს. მან 20 წლის ასაკში გერმანიაში უკვე აჩვენა თავისი ხარისხი და გვჯერა, რომ „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება“, - თქვა ლონდონელთა დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.
შეგახსენებთ, პულიშიჩი „დორტმუნდში“ 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 20 წლის ამერიკელმა 19 თამაშში 4 გოლის გატანა შეძლო.