კალათბურთი

0:14 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 12 ქულა ბელგრადში

ადრიატიკის ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრა და 72:86 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ შეხვედრის მე-3 მეოთხედში პოდგორიცელები 63:55-ს იგებდნენ, დარჩენილი დრო კი 9:31 (!) დათმეს.
19 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მართალია, პირველ ტაიმში შედეგიანი შეტევა არ ჰქონია, საბოლოოდ, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
გოგამ 19:45 წუთში 4-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ნორის კოულს (21 ქულა) ჩამორჩა.
ბელგრადელთა შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო ბერძენი ფორვარდი სტრატოს პერპეროღლუ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.
“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ბითაძის ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ, “იგოკეას” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.173409