ფეხბურთი

17:07 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი: "აიაქსს" "რეალის" დამარცხება შეუძლია"

ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი „აიაქსისა“ და „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ყატარული „ალ გარაფას“ შემტევმა Marca-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ჰოლანდიურ გუნდს „რეალის“ ბარიერის გადალახვა შეუძლია.

სნეიდერი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს არყოფნამ „აიაქსს“ „სამეფო კლუბის“ დამარცხების შანსი გაუზარდა:

„ვფიქრობ, „აიაქსისთვის“ საუკეთესო მომენტია „რეალთან“ სათამაშოდ, რომელიც არაა ისეთი ძლიერი, როგორიც განვლილ წლებში იყო. ამსტერდამული გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, მაგრამ დიდი ხარისხი აქვს და კარგად თამაშობს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. „რეალისთვის“ ძალიან რთული მატჩები იქნება.

რა თქმა უნდა, „რეალი“ რჩება აშკარა ფავორიტად, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პირველი მატჩის შედეგზე, რომელიც ჰოლანდიაში გაიმართება. „აიაქსს“ აქვს თავისი შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს, მადრიდელები ნაკლებად იცნობენ დე ლიხტსა და დე იონგს, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

„რეალის“ კრიზისი? - ესპანელები კრიშტიანუ რონალდუზე ძალიან იყვნენ დამოკიდებულნი და ეს სხვაობას ყოველთვის იძლეოდა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არაა, „სამეფო კლუბის“ რთული პერიოდი. პორტუგალიელი ისევ „რეალში“ რომ იყოს, „აიაქსს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის ბევრად ნაკლები შანსი ექნებოდა“, - განაცხადა სნეიდერმა.

„აიაქსისა“ და „რეალის“ ორრაუნდიანი მატჩები 13 თებერვალსა და 5 მარტს გაიმართება. რაც შეეხება სნეიდერს, „აიაქსის“ რიგებში 2002-2007 (1991-2002 წლებში აკადემიაში იყო) წლებში თამაშობდა, ხოლო „რეალის“ ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა.

0.128012