თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-15 ტურში რუსულ “ხიმკის” ესტუმრა და დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (28:19) წყალობით, 85:77 იმარჯვა.
შენგელია, რომელიც ცხვირის ტრავმის გამო სპეციალური ნიღბით თამაშობდა, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:35 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ქართველმა მძიმე ფორვარდმა სლემდანქის მცდელობის დროს ფარი დაამსხვრია, რის გამოც თამაში დაახლოებით 20 წუთი იყო შეწყვეტილი.
ბასკონიელთა რიგებში 10 და მეტი ქულის ჩაგდება შევონ შილდსმა (15), იოჰანეს ვოიგტმანმა (14), დარუნ ჰილარდმა (14), მეტ ჯენინგმა (12) და ლუკა ვილდოზამ (10) მოახერხეს.
ჯენინგმა, რომელიც შენგელიას დარად, საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31:39 წუთში 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, აქტივში 2 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
“ბასკონიამ” 7 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 4 იანვარს, სტამბულში, “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.