კალათბურთი

12:43 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბუდუჩნოსტის” პრეზიდენტი: “ვიცი, რომ გოგას გადაბირება რეგიონის ყველა გუნდს სურდა”
“მწვრთნელი გოგას არა მხოლოდ ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც ხედავს”

პოდგორიცას “ბუდუჩნოსტის” პრეზიდენტმა დრაგან ბოკანმა გოგა ბითაძის ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში რამდენიმე დღის წინ სერბული “მეგა ბემაქსიდან”, სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით გადაბარგდა. გოგა პირველივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მოხვდა და სლოვენიურ კრკა-ს 12 ქულა ჩაუგდო.
აი, რა ისაუბრა მოტენეგროს უძლიერესი კლუბის ხელმძღვანელმა სერბულ “ბლიკთან” ინტერვიუში:
“ეს, ჩვეულებრივი ბიზნეს-გარიგება იყო. ჩვენ ბითაძით დაინტერესებული ვიყავით, მისთვის კი, ევროლიგაში ძალების მოსინჯვა საინტერესო იყო. საკალათბურთო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გოგას თავის რიგებში ხილვა რეგიონის ყველა გუნდს სურდა.
ამიტომაც, დავურეკე მის აგენტ მიშკო რაზნატოვიჩს და ჩვენი სურვილის შესახებ ვაცნობე. ცხადია, “მეგა ბემაქსიც” დავაინტერესეთ. მათ ფინანსური სარგებელი ხომ ნახეს და ამასთან, ზორან ნიკოლიჩიც დავუთმეთ.
ცხადია, ბითაძის ტრანსფერით გუნდის მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩიც ძალიან დაინტერესებული იყო, რომელიც ბითაძის ადგილს არა მხოლოდ ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც ხედავს”.
დასასრულ, მოგახსენებთ, რომ “ბუდუჩნოსტმა” ქართველი ლეგიონერი უკვე შეიყვანა ევროლიგის განაცხადში, ამდემად, გოგა მისთვის ახალ ტურნირში სადებიუტო მატჩს უკვე 28 დეკემბერს ჩაატარებს. პარასკევს, პოდგორიცელებს გერმანიაში “ბაიერნთან” მატჩი ელით.

0.113289