ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" შინ "ატლანტასთან" 95:98 დამარცხდა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და სულ 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან სამი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს მიჩიგანელებმა ჯორჯიელებზე რვა ქულით მეტი ჩააგდეს, ეს მაჩვენებელი "დეტროიტის" შემადგენლობაში საუკეთესოა.
"დეტროიტი" 15 მოგებით და 16 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მიჩიგანელები მომდევნო შეხვედრას შინ გამართავენ, "დეტროიტი" "ვაშინგტონს" დაუპირისპირდება, მატჩი 27 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.