ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალში“ რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას Don Balon-ი ავრცელებს და წერს, რომ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.
პერესის მიზანია, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო ზაფხულში დანიშნოს და სატრანსფერო გეგმაც დასახა. თუ ხსენებულ გამოცემას დავუჯერებთ, მადრიდულ გრანდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რომელთა გაყიდვით გუნდის ბიუჯეტი 500 მილიონი ევროს ფარგლებში შეივსება.
ხელშეუხებელი არავინაა, მათ შორის, სერხიო რამოსიც!
გავრცელებული ცნობით, პერესი იმედოვნებს, რომ მარკო ასენსიოს 120 მილიონად, ხოლო ისკო ალარკონს 80 მილიონად გაასხვისებს. მათ გარდა, ხელშეუხებელთა შორის ვერ მოხვდა გარეთ ბეილიც, რომლის ფასი 100-150 მილიონამდე მერყეობს. კარიმ ბენზემას გაშვებას პერესი 60 მილიონად აპირებს და არც ლუკა მოდრიჩის შენარჩუნება შედის მის გეგმებში.
მეტიც, თუ მოურინიო „რეალში“ მუშაობას დათანხმდება, Don Balon-ი წერს, რომ მარსელო და თვით სერხიო რამოსიც კი, ბარგს ჩაალაგებენ და გუნდს დატოვებენ. ორივე ფეხბურთელის გაყიდვით ფლორენტინო იმედოვნებს, რომ 110 მილიონ ევროს მიიღებს.
ახალი ძალები
რა თქმა უნდა, ხსენებული თანხის გამიზნულად დახარჯვა პერესის ფიქრებშია. „რეალის“ გამოცდილი პრეზიდენტის მთავარი სამიზნე „პარი სენ ჟერმენი“ გახდება, რომლის ორ ვარსკვლავს მადრიდელებს უკვე კარგა ხანია უკავშირებენ - ნეიმარი და კილიან მბაპე.
დაცვაში „რეალის“ სამიზნეთა შორის იქნებიან „ბაიერნიდან“ დავიდ ალაბა, რომლის ფასი 60-80 მილიონამდე მერყეობს და „პორტუს“ ნიჭიერი უკანახაზელი ედერ მილიტაო. „დრაკონები“ 20 წლის ბრაზილიელს 50 მილიონად აფასებენ.
ფაქტია - პერესი „რეალის“ შედეგებით მიმდინარე სეზონში უკმაყოფილოა და როგორც ჩანს, რევოლუციური გეგმა სწორედ აქედან მომდინარეობს.