ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ბასკური კლუბი ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრა და დასკვნით მეოთხედში დამაჯერებელი გამარჯვების (30:15) წყალობით, 87:76 მოიგო.
ქართველი მძიმე ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:20 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ბურჯანაძემ 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბექამ ესპანურ ლიგა ენდესაში საიბილეო მე-100 მატჩი ჩაატარა.
“გიპუზკოა ბასკეტმა” 12 ტურში 9 მოგება მოაგროვა და ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, შინ, “ბარსელონასთან” ჩაატარებს.