ფეხბურთი

4:11 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავ-თეთრი დერბი დელა მოლე

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა. დერბი დელა მოლე - „ტორინომ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა პრინციპულ მეტოქესთან.

„იუვენტუსმა“ ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა. შეიძლება ითქვას, არც უთამაშია, მაგრამ მაინც მოიგო. მთლიანობაში 90 წუთი მეტად მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მასიმილიანო ალეგრის „იუვე“ თამაშებს იგებს, მაგრამ ბოლო დროს აშკარად არაა საუკეთესო ფორმაში. ეს დღესაც დადასტურდა. რეალური მომენტი ტურინელებს მატჩის დასწყისში ჰქონდათ, როცა სირიგუმ რონალდუს აჯობა. მერე „იუვე“ გაჩერდა და „ტორინოს“ ხელს უშლიდა ფეხბურთის თამაშში, რომელიც გაცილებით მონდომებული ჩანდა.

ამასობაში კი, „ხარებმა“ საკუთარ კარში გოლი მოიგონეს. ყოფილმა „იუვენტინომ“ სიმონე ძაძამ სათადარიგო მეკარეს იჩაზოს (რომელმაც პირველ ტაიმში ტრავმირებული სირიგუ შეცვალა) დაუგორა ბურთი და ურუგვაელს მანჯუკიჩმა დაასწრო, რომელიც დაეცა. პენალტი რონალდუმ გაიტანა და იჩაზოს დასცინა კიდეც. არ იყო ლამაზი ჟესტი პორტუგალიელისგან. მატჩიც დასრულდა. არც იქამდე და არც მერე საინტერესო არაფერი ხდებოდა. და მაინც, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და „იუვენტუსს“ 16 ტურში 15 გამარჯვება აქვს მოპოვებული. შედეგად სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

სანამ დერბი დელა მოლე შედგებოდა, ტური „ინტერისა“ და „უდინეზეს“ მატჩით გაიხსნა. „ნერაძურიმ“ შუა კვირაში დიდი დარტყმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ამიტომ, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია სჭირდებოდა და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. თუმცა, ამას ვერ დავარქმევთ სრულ რეაბილიტაციას - მაურო იკარდის გვიანი პენალტი არ გამოდგება საამისოდ. მაგრამ, რაც მთავარია, ლუჩანო სპალეტის გუნდმა სამი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი გაიმყარა.

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ტურინი, „გრანდე ტორინო“

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ (იჩაზო 21); იცო, ნ’კულუ, კოფი; აინა (ბერენგერი 85), მეიტე, რინკონი, ბაზელი, ანსალდი (პარიჯინი 76); ძაძა, ბელოტი

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 რონალდუ (70, პენ)

გაფრთხილება: ძაძა (27), ანსალდი (72) - პიანიჩი (48), ემრე ჯანი (51), პერინი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: მარკო გუიდა

„ინტერი“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იკარდი (76, პენ)

თეგებისერია A
0.154279