ესპანურმა “ბასკონიამ” ევროლიგის მორიგ ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ლომის წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიამა და მეტ ჯენინგმა დაიდეს. ჯამში, მათი მონაგარი 36 ქულაა.
ბასკონიელები თელ ავივში “მაკაბის” სტუმრობდნენ და სეზონის ცუდი სტარტიდან გამომდინარე, მოგება ძალიან სჭირდებოდათ. ისრაელის საუკეთესო გუნდი მეტწილად წინ იყო, თუმცა, “ბასკონიამ” დასკვნით მეოთხედში 27:18 იმარჯვა და თამაში სათავისოდ დაასრულა – 81:79.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 31:13 წუთში შეუჩერებელი იყო. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 20 ქულას, 1 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ქართველა მძიმე ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ამ მხრივ მე-2 შედეგი (17) ჯენინგს ჰქონდა, რომელიც ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 31:28 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 2-ვე ორქულიანი და 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მეტოქეებს კი წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა.
“ბასკონიას” 5 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს, ისევ სტუმრად, ოღონდ, უკვე ესპანეთში, “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.