იტალიის სერია A-ს XV ტური გამორჩეული მატჩით დაიწყო. ტურინში, „დერბი დ’იტალია“ შედგა, „იუვენტუსმა“ „ინტერს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მორიგი, მე-14 გამარჯვება მოიპოვა...
„იუვე“ სკუდეტოსკენ ისეთი სიჩქარით მიდის, ადვილი შესაძლებელია, სულ მალე ყველაფერს წერტილი დაუსვას. ყოველშეთხვევაში, ტურინელთა სტარტი იტალიის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში სარეკორდოა. ან რა გასაკვირია, რომ ასეა - 15 მატჩიდან ტურინელებმა 14 მოიგეს და ალბათ, თვითონაც ვერ ხსნიან ის ერთადერთი მატჩი, სახლში „ჯენოასთან“ როგორ ვერ მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც გამარჯვების სანაცვლოდ გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, ტოპ 5 ჩემპიონატებში ერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 15 ტურში 43 ქულა ქულა მოიპოვა გუნდმა. და, ახლა, "იუვემ" ეს რეკორდი გაიმეორა!
„ინტერმა“ კარგი თამაში ჩაატარა. არ ყოფილა „იუვესთვის“ მარტივი სამი ქულა და სულ თავისუფლად შეიძლებოდა, პირიქით, მილანელებს მოეგოთ. მაგალითად, პირველ ტაიმში რობერტო გალიარდინიმ მაგარი მომენტი გააცუდა და ძელმა იხსნა ტურინელები. იყო სხვა მეტ-ნაკლებად წვავე მომენტებიც ორივე გუნდის კართან.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუაწელს გავიდა. მატუიდიმ კანსელუ ფლანგზე მოძებნა, პორტუგალიელმა ჩააწოდა და იქ მარიო მანჯუკიჩმა პოზიციაც მოიგო და მეორე სართულზე ბრძოლაც. სამირ ჰანდანოვიჩმა თავისი გუნდი ვერ იხსნა.
თამაშიც 1:0 დასრულდა და „იუვემ“ „ინტერს“ 14 ქულით გაასწრო, „ნაპოლის“ თერთმეტით (ნეაპოლელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ).
აქედანაც ნათლად ჩანს, რომ „ბებერი ქალბატონის“ გამჩერებელი იტალიაში წელსაც არავინაა და ზედიზედ მერვე სკუდეტო რომ ვერ მოიგო, გაუგონარი სასწაული უნდა მოხდეს...
„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 1:0 (0:0) VIDEO
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
მაყურებელი: 40 00
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი (ემრე ჯანი 82), მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 72); მანჯუკიჩი, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ინტერი“ (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ვრსალკო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა; ბროჟოვიჩი, გალიარდინი (კეიტა 69), ჟოაო მარიო (მარტინესი 77); პოლიტანო (ბორხა ვალერო 58), იკარდი, პერიშიჩი
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (66)
გაფთხილება: პიანიჩი (6), ბენტანკური (54) - პერიშიჩი (55), ბროჟოვიჩი (57)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:8 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: მასიმილიანო ირატი