შვეიცარიული საათი - ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ასე შევაფასებთ შვეიცარიის ნაკრებს. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი უკვე წლებია სტაბილურად თამაშობს და ბარე-ორ დიდ საფეხბურთო ქვეყანას არც ჩამოუვარდება.
შვეიცარიის ნაკრების სტაბილური პროგრესი 2002 წლიდან დაიწყო და ეს კობი კუნის სახელთან ასოცირდება, რომლის ხელმძღვანელობითაც შვეიცარიელებმა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე დაიწყეს მოხვედრა. პირველად ეს 2004 წელს, მოხდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. მართალია, ჯგუფში ვერაფერი გააწყვეს, მაგრამ გაცილებით წარმატებული გამოდგა მუნდიალი 2006, რომელსაც მერვედფინალში დაუმარცხებლად და გოლგაუშვებლად (პენალტებში წააგო უკრაინასთან) გამოეთიშა.
მოკლედ, გასაკვირი არაა, რომ შვეიცარია პირველ კალათაში იყო განთესილი და ამ გადმოსახედიდან, ჯგუფის ფავორიტადაც მოიაზრება. დანარჩენი მოედანზე უნდა გამოჩნდეს და დამტკიცდეს.
მუნდიალი 2018
შვეიცარიამ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ჯგუფური ეტაპი (ტრადიციულად) წარმატებით დაძლია. პირველივე ტურში ბრაზილიასთან ფრემ დაადასტურა, რომ პეტკოვიჩი და მისი შეგირდები რუსეთში ტურისტების როლში არ იყვნენ ჩასულნი. ამას მოჰყვა სერბეთთან (უშუალო კონკურენტთან) გამარჯვება და ფრე ბოლო ტურში კოსტა რიკასთან. თუმცა, პლეი-ოფის პირველი სტადია მათი მაქსიმუმი გამოდგა, სადაც შვედეთთან ვერაფერი გააწყო და ტურნირს დაემშვიდობა.
ერთა ლიგა
შვეიცარიამ ერთა ლიგის გათამაშებაშიც წარმატებით იასპარეზა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს, A დივიზიონში თამაშობდა და ჯგუფში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ბელგია ჰყავდა.
პეტკოვიჩის გუნდმა ისლანდიას ორჯერ მოუგო (6:0 და 2:1), ხოლო ბელგიასთან ბრიუსელში 1:2 წააგო. ბოლო ტურში ლუცერნში შვეიცარიას „წითელი ეშმაკები“ მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინა. დასაწყისშივე ბელგიელებმა ორი გოლი გაიტანეს და თითქოს ყველაფერი დასრულებულიც იყო, მაგრამ არა მასპინძელთათვის. ჰარის სეფეროვიჩის ლიდერობით, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, შვეიცარიამ 5:2 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. შედეგად, 2019 წლის ივნისში, პორტუგალიაში A დივიზიონის 4 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს. შვეიცარია ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი
შვეიცარიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით სამჯერ დაასრულა. პირველად 1996 და 2004 წლებში ფინალურ ეტაპზე გასვლა მაქსიმუმი გამოდგა და ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2008 წელს, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდა ფინალურ ეტაპზე, რადგან მასპინძელი იყო, ასევე ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი. გაცილებით წარმატებული გამოდგა ევრო 2016, სადაც შვეიცარია მერვედფინალში გავიდა, მაგრამ პოლონეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
შვეიცარიის ნაკრებმა საფრანგეთისკენ გზა საკმაოდ ადვილად გაიკვლია. 10 მატჩიდან 7 მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა. შედეგად, 21 ქულა დააგროვა, ინგლისს ჩამორჩა და ფინალური ეტაპის საგზური პირდაპირ მოიპოვა.
მწვრთნელი
შვეიცარიის ნაკრებს უკვე 4 წელიწადზე მეტია ვლადიმირ პეტკოვიჩი წვრთნის და საკმაოდ წარმატებითაც. მან გუნდი 2014 წლის ივლისში ჩაიბარა. პეტკოვიჩის გაწვრთნილმა შვეიცარიამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და მერვედფინალს უწია, სადაც პოლონეთთან ოდენ პენალტების სერიაში წააგო, ხოლო ასევე მერვედფინალი გამოდგა მაქსიმუმი 2018 წლის მუნდიალზეც. აი, ერთა ლიგის შესახებ კი, უკვე მოგახსენეთ - A დივიზიონის პლეი-ოფი.
54 წლის ბოსნიელის სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს სწორედ შვეიცარიაში, კერძოდ, “ბელინცონაში” დაიწყო. მერე იყო “ლუგანო”, ისევ “ბელინცონა”, “იანგ ბოიზი”, თურქული “სამსუნსფორი”, “სიონი” და რომის “ლაციო”. სწორედ იტალიურ კლუბსი მიაღწია პეტკოვიჩმა ყველაზე დიდ წარმატებას, როდესაც “აწივებს” იტალიის თასი მოაგებინა. ეს წარმატებით იმით ფასობს, რომ “ლაციომ” ფინალში “რომა” დაამარცხა და ამ ფაქტით “ბიანკოჩელესტეს” ქომაგები დღემდე ამაყობენ.
საფეხბურთო კარიერა კი გამორჩეული არაფრით ყოფილა. ძირითადი ნაწილი სამშობლოში და შვეიცარიაში გაატარა.
შვეიცარიის ნაკრების 2018 წელი
შვეიცარიამ 2018 წელს 14 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 4-ჯერ დამარცხდა, გაიტანა 29 გოლი და გაუშვა - 13. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს: 8 თამაშიდან პეტკოვიჩის გუნდმა 4 მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე დამარცხდა.
მათ შორის, 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ყატართან. თუმცა, ამ შეხვედრამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან პეტკოვიჩის გუნდმა ოთხ დღეში ბელგია 5:2 გაანადგურა. მომდევნო შეხვედრას კი, უკვე თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს.
აქვე 2018 წელს ჩატარებული ყველა მატჩი:
სპარინგი: საბერძნეთი - შვეიცარია 0:1 (ჯემაილი)
სპარინგი: შვეიცარია - პანამა 6:0 (ჯემაილი, ჯაკა, ემბოლო, ზუბერი, გავრანოვიჩი, ფრაი)
სპარინგი: ესპანეთი - შვეიცარია 1:1 (როდრიგესი)
მუნდალი 2018: ბრაზილია - შვეიცარია 1:1 (ზუბერი)
მუნდიალი 2018: შვეიცარია - სერბეთი 2:1 (ჯაკა, შაქირი)
მუნდიალი 2018: შვეიცარია - კოსტა რიკა 2:2 (ჯემაილი, დრმიჩი)
მუნდიალი 2018: შვედეთი - შვეიცარია 1:0
ერთა ლიგა: შვეიცარია - ისლანდია 6:0 (ზუბერი, ზაკარია, შაქირი, სეფეროვიჩი, აჯეტი, მეჰმედი)
სპარინგი: ინგლისი - შვეიცარია 1:0
ერთა ლიგა: ბელგია - შვეიცარია 2:1 (გავრანოვიჩი)
ერთა ლიგა: ისლანდია - შვეიცარია 1:2 (სეფეროვიჩი, ლანგი)
სპარინგი: შვეიცარია - ყატარი 0:1
ერთა ლიგა: შვეიცარია - ბელგია 5:2 (როდრიგესი, ელვედი, სეფეროვიჩი 3)
კონტიგენტი
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა საერთოდ ჯამში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ბალანსია ყველა რგოლში. აღსანიშნავია, რომ პეტკოვიჩის რჩეულთა შორის ყველა ლეგიონერია ერთადერთი გამონაკლისის გარდა – მცველი მიახაელ ლანგი “ბაზელის” წევრია.
ლეგიონერები კი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში გამოდიან. კაპიტანია სტეფან ლიხშტაინერი, რომელიც გუნდის ყველაზე სტაჟიანი წვერია 104 მატჩით. აქვეა, “მილანის” განაპირა მცველი რიკარდო როდრიგესი. ნახევარდაცვაში ვალონ ბეჰრამი, ბლერიმ ჯემაილი, გრანიტ ჯაკა და გუნდის ლიდერი შერდან შაქირი უნდა გამოვყოთ. სხვა პოზიციებთან შედარებით, შეტევა ოდნავ მოიკოჭლებს, სადაც მთავარი ფიგურა ალბათ, ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდის ჰარის სეფეროვიჩია, რომელმაც ბელგიასთან დიდებული თამაში ჩაატარა. ყურადღება უნდა მიექცეს გელზენკირხენის“შალკეს“ შემტევ ბლირ ემბოლოსაც.
მოკლედ, შემადგენლობის მხრივ შვეიცარიას საფიქრალი არაფერი აქვს, არც სათამაშო დისციპლინა დაეწუნება...
ვარსკვლავი
შვეიცარიის ნაკრების მთავარ ლიდერად შერდან შაქირი უნდა განვიხილოთ, რომელსაც მიუნხენის “ბაიერნსა” და მილანის “ინტერში” უთამაშია, ხოლო ბოლო წლებში ინგლისური “სტოკის” ლიდერი იყო. გასულ სეზონში 27 წლის შემტევმა 36 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.
ზაფხულში შაქირი „სტოკიდან“ „ლივერპულში“ გადავიდა და მართალია, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, მაგრამ არც თადარიგში ზის უიმედოდ. შერდანმა ამ დროისთვის 15 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დებიუტი 2010 წელს, ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა (1:3). პირველი გოლი კი იმავე წლის 7 სექტემბერს, ინგლისთან წაგებულ (1:3) შეხვედრაში გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შერდანმა 10 მატჩში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ შაქირი მხოლოდ 27 წლისაა, უკვე სამ მუნდიალზე აქვს ნათამაშები. 2010 წელს, ოტმარ ჰიტცფელდმა 18 წლის ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკაში იახლა და ჰონდურასთან ათამაშა კიდეც. გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა მისთვის ოთხი წლიწინანდელი პირველობა. ბრაზილიაში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. სამი გოლიც გაიტანა და სამივე ჰონდურასთან (3:0) მოგებულ თამაშში. რაც შეეხება გასულ ზაფხულს, 4-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა და სერბეთს გამარჯვების გოლიც გაუტანა, რამაც საბოლოოდ მიის გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
მთლიაობაში “სტოკის” შემტევმა ნაკრებში დღემდე 78 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. გუნდში დღეს მყოფ ფეხბურთელებში ის საუკეთესო ბომბარდირიცაა.
შვეიცარია საქართველოსთან
საამაყო არაფერი გვაქვს შვეიცარიის ნაკრებთან დაპირისპირებებშიც. ასეთი რამ ორჯერ მოხდა, ჩვენი გზები ევრო 2004-ის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა და კობი კუნის შვეიცარია მთლიანად შესარჩევი ციკლი დიდებულად ჩაატარა.
პირველი მატჩი 2002 წლის 8 სექტემბერს, ბაზელში შედგა. 37-ე წუთზე მასპინძლები ალექსანდრ ფრაის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს. საქართველომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა, თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა. თუმცა, არ გასულა ერთი წუთი და ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ნაკრები ისევ დააწინაურა. მერე კი, პატრიკ მიულერმა და შტეფან შაპუიზამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:1.
მეორე მატჩი 2003 წლის 2 აპრილს, თბილისში გაიმართა და ამჯერად გუნდებმა ქულები გაიყვეს, გოლი არ გასულა - 0:0.
კალენდარი
I ტური, 23 მარტი. საქართველო - შვეიცარია
VIII ტური, 15 ნოემბერი. შვეიცარია - საქართველო
ზოგადი ინფორმაცია
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში
ჰაინც ჰერმანი (1978-1991) – 118 თამაში
ალან გეიგერი (1980-1996) – 112
სტეფან ლიხშტაინერი (2006-) – 104
სტეფან შაპუიზა (1989-2004) – 103
იოჰან ვოგელი (1995-2007) – 94
საუკეთესო ბომბარდირები
ალექსანდრ ფრაი (2001-2011) – 84 მატჩი, 42 გოლი
კუბილაი ტურკილმაზი (1988-2001) – 62 მატჩი, 34 გოლი
მაქს აბეგლენი (1922-1937) – 68 მატჩი, 34 გოლი
ანდრე აბეგლენი (1927-1943) – 52 მატჩი, 29 გოლი
ჟაკ ფატონი (1946-1955) – 53 მატჩი, 29 გოლი
სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
მწვრთნელის ასისტენტი: ანტონიო მანიკონე
მეკარეების მწვრთნელები: პატრიკ ფოლეტი, სვენ კიონიგი
ფიფას რეიტინგი: მე-8 ადგილი