კალათბურთი

22:53 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატის 18 მონაწილე ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ნოემბერ-დეკემბრის ფანჯრის დროს, მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ორივე მატჩი მოიგო და ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ილიას ზუროსის შეგირდებს 2 შესარჩევი ეტაპის შედეგებით 5-5 მოგება-წაგება აქვთ და 1 გამარჯვებით ჩამორჩებიან L ჯგუფის მესამეადგილოსან სერბეთს.
თითქოს სხვაობა კატასტროფული არაა, თუმცა, ვინაიდან ევროპული საკვალიფიკაციო ციკლის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტური რჩება, სერბეთი კი საქართველოს ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის, შანსი ძალიან მცირეა: მიზნის მისაღწევად ქართველმა კალათბურთელებმა ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ, სერბებმა კი ორივე წააგონ...
აღნიშნულ თემას გაისად თებერვალში დაგეგმილი შეხვედრების წინ დავუბრუნდებით, ახლა კი, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლში არსებულ ზოგად სიტუაციასა და იმ ნაკრებებზე ვთქვათ, რომელთაც მომავალ ტურნირზე თამაში განაღდებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ჩინეთის ქალაქები პეკინი, შანხაი, დონგგუნი, გუანჟოუ, ნანჯინგი, ვუჰანი, ფოსჰანი და შენჟენი უმასპინძლებენ.
შეჯიბრში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, ორ-ორი საუკეთესო კი მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს. ამ ჯგუფების ორ-ორი მოწინავე კი უკვე მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას ოლიმპიური სისტემით განაგრძობს.
გასაკვირი არაა, რომ ფინალური ეტაპის ყველაზე მეტი – 12 საგზური ევროპულ გუნდებს ერგებათ, 7-7 მონაწილე ეყოლებათ ამერიკასა და აზია-ოკეანეთს, 5 საგზურია გამოყოფილი აფრიკული ნაკრებებისთვის, შეჯიბრის 32-ე მონაწილე კი მასპინძელი ჩინეთია.
ამ დროისთვის, ჩინელთა გარდა, მსოფლიო პირველობაზე თამაში უკვე განაღდებული 17 ნაკრებს აქვს. ესენი საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, ლიტვა, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი (ყველა – ევროპა), ტუნისი, ნიგერია, ანგოლა (ყველა – აფრიკა), ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა (ყველა – აზია-ოკეანეთი), აშშ, ვენესუელა, არგენტინა და კანადა (ყველა – ამერიკა) არიან.
დასასრულ ისევ ევროპულ შესარჩევ ზონას დავუბრუნდეთ, რომელიც გასაგებ მიზეზთა გამო, ქართველი ქონაგისთვის ყველაზე საინტერესოა.
I ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა განაღდებული აქვთ ესპანეთსა და თურქეთს, ბოლო საგზურისთვის კი მონტენეგრო, ლატვია და უკრაინა იბრძვიან. საინტერესოა, რომ ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული სლოვენიას, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.

J ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულია ლიტვა, ბრძოლას განაგრძობენ იტალია, პოლონეთი, უნგრეთი და ხორვატია, ჰოლანდია კი უკვე უშანსოდაა.

K ჯგუფში მიზანს უკვე მიაღწიეს საფრანგეთმა და ჩეხეთმა, მე-3 გამსვლელი საგზურის მოპოვება ჯერაც შეუძლიათ რუსეთს, ფინეთსა და ბულგარეთს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინას უკვე ვეღარაფერი უშველის.

L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ირიცხება, საუკეთესო პოზიციაში სერბეთია, ჩვენი გუნდის გარდა, თეორიული შანსი ისრაელსაც შერჩა. ესტონეთი კი აშკარა აუტსაიდერია.

ყველა შესარჩევ ზონაში მატჩები თებერვალში დასრულდება და მსოფლიო თასის 32-ე მონაწილის ვინაობაც გვეცოდინება.

0.114145