ფრანკ რიბერი და არიენ რობენი მიუნხენის „ბაიერნში“ ბოლო სეზონს ატარებენ. ფრანგსა და ჰოლანდიელს „რეკორდმაისტერთან“ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურებათ და კლუბი მათთან თანამშრომლობის განახლებას არ გეგმავს.
აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენელთა პრეზიდენტმა ულიო ჰიონესმა დაადასტურა:
„ორივე ფეხბურთელი დანამდვილებით ბოლო სეზონს ატარებს „ბაიერნში“, - თქვა ჰიონესმა.
არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ „ბაიერნში“ ეპოქა შექმნეს და დიდწილად მათი დამსახურებაა გერმანული გიგანტის წარმატებული ასპარეზობა უკანასკნელ წლებში.
რიბერი „ბაიერნმა“ 2007 წლის ზაფხულში „მარსელიდან“ შეიძინა. მას შემდეგ ფრანგმა შემტევმა „რეკორდმაისტერის“ მაისურით 408 თამაში ჩაატარა, 118 გოლი გაიტანა და 180 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, 35 წლის ფეხბურთელმა რვაჯერ მოიგო „ვერცხლის სინი“, 5-ჯერ გერმანიის თასი და სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.
34 წლის არიენ რობენი კი „ბაიერნს“ 2009 წელს „რეალიდან“ შეუერთდა. ჰოლანდიელს საოცარი სტატისტიკა აქვს: 305 თამაში და 143 გოლი (თითქმის საშუალოდ 0.5 გოლი თამაშში). ამასთან, 101 საგოლე პასიც მიითვალა. რობენმაც იმავე რაოდენობის ტიტულები მოიგო, რაც რიბერიმ, გარდა ბუნდესლიგის ჩემპიონობისა, რომელსაც შვიდჯერ დაეუფლა.