საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ დიუგარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აკრიტიკებს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის განცხადებით, პორტუგალიელმა „ოცნების თეატრი“ კოშმარების თეატრად აქცია.
„ეს აუტანელია, მან გუნდი გაანადგურა. სამშაბათს თამაშს ვუყურე და ეს კატასტროფა იყო. როდესაც ვიხსენებ როი კინის, ბექჰემისა და სხვების „მანჩესტერს“, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობდა... ეს იყო ლამაზი და საინტერესო. „ოლდ ტრაფორდი“ ნამდვილად ოცნების თეატრი გახლდათ, ახლა კი ასეთი სტილის ფეხბურთით კოშმარების თეატრად გადაიქცა, ეს სიგიჟეა.
მოურინიოს არ ესმის, რომ მხოლოდ ტიტული არაა საინტერესო, არამედ ლამაზი ფეხბურთი, ემოცია, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა დიუგარმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ გასულ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ მსაჯის კომპენსირებულ დროში მარუან ფელაინის გოლით დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.