საოცარი ამბები ხდება ჯანო ანანიძის „სპარტაკში.“ რამდენიმე თვეა ყველა ერთმანეთს აბრალებს წარუმატებლობებს, თუმცა მტყუან-მართალი ვერაფრით დაადგინეს. გუნდი ხომ აირია, მწვრთნელიც შეცვალეს, მაგრამ საშველი არ ჩანს. გულშემატკივრებიც აგრესიულები გახდნენ.
გუშინ, ახალ მთავარ მწვრთნელ ოლეგ კონონოვს ევროპა ლიგაში ჰქონდა დებიუტი, რომელიც უხეირო გამოდგა. მოსკოველებმა ვენის „რაპიდთან“ შინ წააგეს (1:2). მაგრამ საფეხბურთო ამბები სხვა მოვლენამ გადაფარა.
მასპინძლები ჯერ კიდევ 1:0 იგებდნენ, როცა ერთ-ერთი ქომაგი მინდორზე გაიჭრა და კაპიტან დენის გლუშაკოვს მივარდა. ატყდა ერთი მუშტიკრივი, თუმცა საქმეში სხვა მოთმაშეებიც ჩაერივნენ და მოძალადე მალევე მიაბრძანეს პოლიციის განყოფილებაში.
„მინდოდა მეთქვა, რომ გლუშაკოვის ადგილი არ არის „სპარტაკში,“ - თქვა შემდეგ ეპიზოდის გმირმა პოლიციაში ყოფნისას. - პირველი მან დამარტყა, მე არ მიპასუხია.“
გლუშაკოვის შეურაცხყოფა სხვა გულშემატკივრებმაც გააგრძელეს, ტრიბუნებიდან ისმოდა გინება. ერთი სექტორი კი „გლუშაკ - იუდას“ გაჰყვიროდა.
მერე, როცა თამაში დამთავრდა და ფეხბურთელები მინდვრიდან გავიდნენ, გლუშაკოვის მომხრე და მოწინააღმდეგე ფანატები ერთმანეთს დაერივნენ. თუმცა, პოლიციამ ვითარება მალევე განმუხტა.