ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი (2301) სლოვენიურ ბლედში გამართული ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გაფრინდაშვილმა 65+ ქალბატონთა ტურნირში 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ამავე კატეგორიაში თამარ ხმიადაშვილი (2010) 6.0 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.
ქართული დელეგაციის აქტივში კიდევ 2 მედალია. 50+ ღია პირველობაზე გიორგი ბაღათუროვმა (2417) და ზურაბ სტურუამ (2529), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს.
ბაღათუროვმა 8.5 ქულა მიითვალა და სომეხ ჩემპიონ კარენ მოვსისიანს (2513) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა, სტურუას აქტივში კი 8.0 ქულა იყო.
65+ ღია ტურნირში ვარლამ ვეფხვიშვილი (2073) 6.5 ქულით 35-ე საფეხურზე გავიდა, ხოლო 50+ ქალებში ციალა ქასოშვილი (2029) 6.5 ქულით მე-6 ადგილზე აღმოჩნდა, გიული ალიხანაშვილი (1816) კი 5.5 ქულით – მე-15.