29 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს.
საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური “ბასკონიას” წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. ნატურალიზებული მოთამაშისთვის გამოყოფილ 1 ადგილს კი თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია. ის “ტენერიფე იბეროსტარის” ღირსებას იცავს და თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ეუფლება.
ესტონეთში გამგზავრების წინ ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში ბოლო ვარჯიში დღეს, საღამოს გამართა, რომლის დასკვნითი ნაწილიც ჟურნალისტებისთის ღია იყო. ბერძენმა სპეციალისტმა ვარჯიშის შემდეგ ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომელიც ტალინში გაემგზავრება.
ნაკრების კალათბურთელები დღევანდელ ღია ვარჯიშზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას. აღნიშნული კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. მას საქართველოში კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (სამთავრობო კომისია).
ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა კამპანიის სლოგანით – “სპორტსმენები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
www.gbf.ge