ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია ესპანური ლიგა ენდესას მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურის “ბასკონიამ” გასულ უქმეებზე სტუმრად “ობრადოირის” 81:74 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი შეუჩერებელი იყო.
თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
Eurobasket.com-ს ვერსიით, მე-9 ტურის საუკეთესო ათეულში ბო მაკკალები (“სარაგოსა”), ეულის ბაეზი (“გრან კანარია”), ვილ ქართული პასპორტის მქონე ვილ ტომასი (“ვალენსია”), გორან ჰუსკიჩი (“ბურგოსი”), მარსელინიო უერტასი (“ბასკონია”), ალექს რენფრო (“მანრესა”), ნიკოლას ლაპროვიტოლა (“ხუვენტუტი”), იან ო’ლირი (“ფუენლაბრადა”) და ნემანია რადოვიჩიც (“სარაგოსა”) მოხვდნენ.
ვთქვათ ისიც, რომ “ბასკონიამ” 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, შინ, “ბრეოგანთან” ჩაატარებს.