ესპანურმა “გიპუზკოა ბასკეტმა”, რომელშიც დუდა სანაძის წამოსვლის მერე, ერთი ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძეღა შემოგვრჩა, ლიგა ენდესას მე-10 ტურში ვალენსიაში ითამაშა და 62:77 დამარცხდა.
სასიხარულოა, რომ ტრავმის მოშუშების მერე, ბასკური კლუბის თავკაცი სერხიო ვალდეოლმილოსი ქართველ ფორვარდს სრულ ნდობას უცხადებს და ამჯერადაც, ჩვენებურს 27:50 წუთი დაუთმო.
ბექა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მწვრთნელს ნდობა ორმაგი დუბლით დაუფასა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 11 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა.
ბურჯანაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ დანიელ პერეზსა (11 ქულა, 7 პასი) და ალექს კორბაჩოს (11 ქულა) ჩამორჩა.
“გიპუზკოა ბასკეტს” 2 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 8 დეკემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.