უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში დონეცკის "შახტარმა" "ლვოვი" ვერ დაამარცხა და მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა(0:0). აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელსაც სხვათა შორის გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო.
65-ე წუთზე მისი თავური ოდნავ ზემოდან გადასცდა სტუმართა კარს, ხოლო მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე მეკარემ აჯობა და მატჩის გმირობა არ დაანება. ნამატჩევს ხოჭოლავამ შეხვედრა შეაფასა:
„პირველ რიგში მეტოქე უნდა შევაქოთ, „ლვოვი“ კარგი გუნდია ძლიერი მწვრთნელით, რომელმაც ღირსეულად ითამაშა. დაცვაში კარგად მოქმედებდა და კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაშობდა. თუმცა, შედეგი მხოლოდ ჩვენი ბრალია. გოლი უნდა გაგვეტანა და სამ ქულას მოვიპოვებდით.
სახიფათო მომენტები კუთხურების შემდეგ? - ჩვენ სტანდარტულ მდგომარეობებზე ვმუშაობთ და დღეს მქონდა მომენტები, როდესაც გატანა შემეძლო. ეს შედეგი მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ მატჩებს ფსიქოლოგიურად მზად უნდა შევხვდეთ“, - ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს „დონბასელთა“ ვებგვერდი.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ გოლის გატანაც მოახერხა.