კალათბურთი

21:40 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპმა" დაუმარცხებელი "ბათუმი" ბოლო პერიოდში გატეხა

სუპერლიგის მე-3 ტური, რომელიც გუშინ დაიწყო, დღეს დასრულდება. თბილისსა და რუსთავში მთლიანობაში 3 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგანაც ოლიმპიურ სასახლეში პირველი შეხვედრა დასრულდა. “ოლიმპმა” სუპერლიგის დაუმარცხებელ გუნდს – “ბათუმს” უმასპინძლა და 17 ქულის სხვაობით – 100:87 დაამარცხა, რითაც ცხრილში ქულებით გაუთანაბრდა.

არადა, საბოლოო ანგარიში არ ასახავს იმას, რაც ბოლო პერიოდის შუამდე მოედანზე ხდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. პირველი პერიოდი ბათუმელებმა 17:15 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედი ოლიმპელების სასარგებლოდ – 27:23 დასრულდა. თანაბარი თამაში მეორე ნახევარშიც გაგრძელდა და გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყების წინ “ოლიმპი” 2 ქულით – 71:69 იგებდა.

ასე თანაბრად გრძელდებოდა თამაში ბოლო პერიოდის შუამდე, რა დროსაც ოლიმპის მოთამაშეებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს როგორც დაცვაში, ისე -შეტევაში და გაქცევა მოაწყვეს. ქულით ჩამორჩენილმა გუნდმა იმდენად შედეგიანად ითამაშა, რომ 14 ქულით – 90:76 დაწინაურდა და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა.

გამარჯვებულებს 25 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით ჩარლზ ბენეტმა ულიდერა. 24 ქულა და 8 მოხსნა მარკ ოგდენმა მიითვალა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, რევაზ როგავამ გამარჯვებულებს 17 ქულა შეაშველა. აღსანიშნავია ნიკა დარბაიძის ფარქვეშა ბრძოლა, რომელიც მარკ ოგდენს სამწამიანში პოზიციის გამაგრებაში ეხმარებოდა და თავადაც არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. რაც შეეხებათ ბათუმელებს, 22-22 ქულით ნოდარ გოგოძე და სპენსერ კოლინსი გამოირჩნენ.

ოლიმპი – ბათუმი
სტატისტიკა: 100:83

დავით როგავა, “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
“რთული თამაში გამოვიდა. ბათუმი 2 მოგებით იყო, წაგება არ ჰქონდა. საკმაოდ კარგი გუნდია, დაბალანსებული. მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ბიჭებს გაწეული სამუშაოსთვის. 3 პერიოდი თანაბარი თამაში იყო. ბოლო პერიოდში მოვახერხეთ მობილიზება და საბოლოოდ დაფიქსირდა 17-ქულიანი სხვაობა. ეხლა სანაკრებო ფანჯარაა და მოსამზადებლად საკმაო დრო გვექნება”.

გია კაზანჯიანი, “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი:

“ბოლო 5 წუთში, როცა ჩვენი წამყვანი მოთამაშე გავარდა, გავტყდით. გარდა ამისა, ჩემი აზრით, სათანადოდ მონდომებული არ ვიყავით ამ თამაშისთვის, ჩვენი მოთამაშეები თითქოს დარწმუნებული იყვნენ, რომ მოვიგებდით, ორმა მოგებამ იმოქმედა. ოლიმპი კი ახალგაზრდული გუნდია, რომელმაც მოინდომა, ფარის ქვეშაც გვაჯობა, შეტევაშიც და დამსახურებულად გაიმარჯვა.”

gbf.gr

0.122998