ესპანური “ბასკონია”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ, ევროლიგაში წარუმატებელ თამაშს განაგრძობს.
ბასკური კლუბი ამჯერად იტალიურ “მილანს” ესტუმრა და 90:93 დამარცხდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 27:50 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 6-ვე საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ჯენინგი, რომელმაც 28:53 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტმა 3-ვე ორქულიანი და 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარე იყო 18 ქულითა და 10 მოხსნით, მილანელებს კი სერბმა ვლადიმირ მიცოვმა (22 ქულა) და ამერიკელმა მაიკ ჯეიმსმა (20 ქულა, 8 პასი) ულიდერეს.
“ბასკონიას” 8 ტურში უკვე 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 23 ნოემბერს, შინ, ათენის “პანათინაიკოსთან” ჩაატარებს.