კალათბურთი

14:50 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის გუნდმა “ვალენსია” არ დაინდო

“იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატში შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.

ტენერიფელებმა ლიგა ენდესას 2016-17 წლების სეზონის ჩემპიონი “ვალენსია” 100:66 გაანადგურეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 15:57 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მაკფადენმა 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფემ” 6 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 ნოემბერს, სტუმრად, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავს.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩებს დღეს გამართავენ საქართველოს ნაკრების სხვა წევრთა გუნდები. თბილისის დროით 15:30 საათიდან ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” მადრიდში “რეალს” დაუპირისპირდება, 20:00 საათზე კი თორნიკე შენგელიას “ბასკონიასა” და ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიას” მატჩია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, წარუმატებელი შედეგების გამო. ბასკონიელებმა თავკაცი პედრო მარტინესი მოხსნეს, მისი ადგილი კი ხორვატმა ვლადიმირ პერასოვიჩმა დაიკავა, რომელიც “ბასკონიაში” უკვე მესამედ მივიდა.

0.115374