ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ჰოლანდიურ ჰააგაში მიმდინარე გრან-პრის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
შავდათუაშვილმა ტურნირზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა. ლაშამ პირველ ორთაბრძოლაში ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს 3 შიდო აჰკიდა, გერმანელი შამილ ძავბატიროვი ორიოდ წუთში დააიპონა, მეოთხედფინალში კი, ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასთან “გოლდენ სქორში” მე-3 შიდო თავად მიიღო.
ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში რუსი დენის იარცევი იპონზე დასცა, ბრინჯაოს მედლისთვის კი მარათონული ორთაბრძოლა გადაიტანა და გერმანელ ანტონი ზინგს დამატებით დროში მე-3 შიდო მიაღებინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰააგის გრან პრის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გახდა, ამდენად, ქართული დელეგაციის აქტივში უკვე 2 მედალია.
დღესვე საქმეში ზებედა რეხვიაშვილიც ვიხილეთ, რომელიც ფრანგ ნიკოლა შილარს ვაზარით უგებდა, თუმცა, მეტოქის ილეთისას ფეხი უხერხულად მოჰყვა, ვაზარიზე დაეცა, მალევე კი იპონით წააგო, თუმცა, უფრო ცუდი ისაა, რომ ტატამი კოჭლობით სხვათა დახმარებით დატოვა და დიდი შანსია, მძიმე ტრავმაც ჰქონდეს...
ხვალ, გრან პრის დასკვნითი დღეა და საქმეში კიდევ ორ ჩვენებურს ვიხილავთ: 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ჰოლანდიის წარმომადგენელ ტომ ბონეშანსკერს გაეჯიბრება, 100 კგ-ში კი ვარლამ ლიპარტელიანი, ასევე მე-2 წრეში რუმინელი ვალენტინ რადუს დამარცხებას ეცდება.