ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია ISU-ს (ციგურაობის საერთაშორისო კავშირი) გრან პრის მორიგ ეტაპზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობს. 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა პრესტიჟულ ტურნირზე, რომელიც “როსტელეკომის თასზე” ტარდება, მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში მე-2 შედეგი აჩვენა, თუმცა, კონკურენტები მრავლად ჰყავდა და გადაწყვეტილი არაფერი იყო. საბედნიეროდ, დღეს, მორისმა თავისუფალი პროგრამაც დამაჯერებლად შეასრულა, ასევე მე-2 იყო და საბოლოო ჯამშიც, კვარცხლბეკის მე-2 პოზიციაზე ასვლა შესძლო.
აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილმა ერთბაშად 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, აქედან 2 – პროგრამის მე-2 ნახევარში, რასაც მხოლოდ ფიგურული ციგურაობის აღიარებული ვარსკვლავები ახერხებენ. შედეგად, მორისმა 158.64 ქულა (81.20 ტექნიკური ელემენტებისთვის+77.44 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და ეს, მისი კარიერული რეკორდია.
საინტერესოა, რომ ტექნიკისთვის მიღებული ქულებითჱჩვენებურმა გრან პრის ჩემპიონ – შეიძლება ითქვას უკვე ლეგენდარულ იაპონელ იუძურუ ჰანიუსაც კი აჯობა, რომელიც ბოლო 2 ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ, სხვა ტიტულებს კი აღარ ჩამოვთვლით.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჰანიუმ 278.42 ქულით ამჯერადაც დამაჯერებლად იმარჯვა, ყვითელაშვილმა მე-2 ადგილი ასევე მისთვის სარეკორდო 248.58 ქულით (უწინდელი მიღწევა ერთბაშად 17.39 ქულით გააუმჯობესა) დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი კიდევ ერთ იაპონელ კაძუკი ტომონოს (238.73) ერგო.