საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა კიევში უკრაინის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩი ჩაატარა და შეხვედრაც მეგობრული შედეგით დასრულდა - 3:3.
კარგი თამაში იყო, რაც ანგარიშიდანაც ჩანს. კმაყოფილები უნდა ვიყოთ ფრით, ვინაიდან თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მეტოქე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა.
უნდა გამოვყოთ გიორგი არაბიძე, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. კაპიტანი იყო და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. აი ისეთი, ნებისმიერი ფეხბურთელი ხელს რომ მოაწერდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, თუმცა, სათამაშო ეპიზოდი იყო, განსაკუთრებული არაფერი.
უკრაინის 21 წლამდე ნაკრები მალევე დაწინაურდა, კუციამ საჯარიმოში წააქცია მეტოქე და პენალტი რუსინმა ადვილად გაიტანა. გია ცეცაძის გუნდმა ტაიმის ბოლოსკენ, 35-ე წუთზე გაათანაბრა. გიორგი არაბიძემ მოედნის ცენტრიდან, დაახლოებით 50-მეტრიანი გადაცემა გააკეთა ლუკა ლაკვეხელიანის მისამართით, რომელმაც ჩინებუად დაამუშავა ბურთი და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა. კარგი გოლი იყო, როგორც ფინიშით, ისე საწყისი ნაწილით, არაბიძემ დიდებული პასი გააკეთა. თუმცა, ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს. ლენდევს დარტყმული ლუკა გუგეშაშვილისთვის აუღებელი იყო.
უკრაინამ მეორე ნახევარში მოახერხა უპირატესობის გაზრდა. ჩვენი დაცვა ჩავარდა და იანჩაკმა შანსი გამოიყენა. 10 წუთში, იგივე იანჩაკი სილაგაძეს ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
რიცხობრივი უპირატესობა საქართველომ ჩინებულად გამოიყენა. 77-ე წუთზე, არაბიძე-ლაკვეხელიანის მორიგი შესანიშნავი კომბინაცია გოლით დასრულდა. ამჯერად გიორგიმ დაცვის ხაზი ერთი გადაცემით უსაქმოდ დატოვა და ლუკამაც დუბლი გაიფორმა. ესეც არანაკლები კომბინაცია იყო და სასიხარულოა, რომ არაბიძე ნელ-ნელა ფორმაში შედის.
85-ე წუთზე კი, ლაშა ლეჟავა საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დატოვეს და „სიონის“ შემტევმა საჩუქარი შეირგო, კარგად დაარტყა - 3:3.
სხვათა შორის, ორი წლის წინ, ზესტაფონში გამართულ სპარინგშიც საქართველოსა და უკრაინის 21 წლამდე ნაკრებებს შორის იგივე ანგარიში დაფიქსირდა. ახლა უკვე, კიევში შედგა უხვგოლიანი მატჩი.
მომდევნო შეხვედრას გია ცეცაძის გუნდი 20 ნოემბერს, კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.
უკრაინა (U21) - საქართველო (U21) 3:3 (2:1)
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, სილაგაძე (კერელეიშვილი 73), კუცია (ძებნიაური 58), არაბიძე, არდაზიშვილი, არველაძე (ქავთარაძე 57), ქაფიანიძე, კობოური, ბუღრიძე (ლეჟავა 73), ლაკვეხელიანი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გოლები: 1:0 რუსინი (7, პენ), 1:1 ლაკვეხელიანი (35), 2:1 ლენდევი (45), 3:1 იანჩაკი (59), 3:2 ლაკვეხელიანი (77), 3:3 ლეჟავა (85)
გაფრთხილება: არაბიძე (68, 90)
გაძევება: იანჩაკი (70) - არაბიძე (90)