ფეხბურთი

1:40 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ანდორამ შეაჩერა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი ქულები დაკარგა. „ჯვაროსნებმა“ ანდორას ნაკრების მისსავე მოედანზე დამარცხება ვერ მოახერხეს და თბილისში ქულით დაბრუნდებიან.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმი შემართებით დაიწყო და უპირატესობა თავიდანვე შესამჩნევი გახადა. მე-9 წუთზე ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. უნდა აღინიშნოს ოთარ კაკაბაძის პასი, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა და ჩაკვეტაძეს ანგარიშის გახსნა აღარ გასჭირვებია.

გოლის გატანის შემდეგ საქართველო უპირატესობას ისევ ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნია. ყველაზე ახლოს მიზანთან ბაჩო არაბული იყო, რომელმაც ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანდორასაც მიეცა გათანაბრების შანსი, თუმცა გიორგი ნავალოვსკიმ კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. 63-ე წუთზე კაკაბაძე კრისტიან მარტინესთან უხეში თამაშის გამო დაჯარიმდა. დაზარალებულმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლის ავტორიც გახდა.

დარჩენილ დროში ქართველთა მცდელობის მიუხედავად გოლი არ გასულა. უნდა აღინიშნოს, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს ძალიან უჭირდა საგოლე მომენტების შექმნა და მეტოქეც თავს დამაჯერებლად იცავდა.

1:1 - ჯვაროსნებს 5 მატჩის შემდგომ 13 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ, ანდორა კი 3 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113136