ცნობილმა ბერძნულმა პორტალმა Gazzetta.gr პუბლიკაცია გამოაქვეყნა სახელწოდებით “მეგა ბემაქსი” – NBA-ს ფაბრიკა”. შეგახსენებთ, რომ სერბული კლუბის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტი გოგა ბითაძე იცავს, ამდენად, აღნიშნული სტატია ქართველი ქომაგისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ჩვენებურს ცალკე თავი ეთმობა.
“მეგა ბემაქსი” ევროპაში ნიჭიერი კალათბურთელების ნამდვილ სამჭედლოდ ითვლება და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ გუნდიდან NBA-ს დრაფტზე ერთბაშად 9 (!) მოთამაშე წარსდგა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ოკეანის გაღმა წარგზავნილთაგან ყველაზე მეტად სერბი ნიკოლა იოკიჩი აქტიურობს, რომლისთვისაც ნბა-ში სამმაგი დუბლიც კი აღარაა უცხო, სამომავლოდ კი, საუკეთესო ამერიკულ კარიერას ბითაძეს უწინასწარმეტყველებენ. აი, რას წერს Gazzetta.gr გოგას შესახებ.
“მეგა ბემაქსის” დღევანდელ ფორმაციაში ყველაზე საინტერესო კალათბურთელი გოგა ბითაძეა (19 წლის, სიმაღლე 2.11 მ.), რომელიც ადრიატიკის ლიგაში საშუალოდ 19.7 ქულას, 9.7 მოხსნას, 2.4 დაფარებასა და 1.3 პასს აგროვებს. განა საკმარისი არაა იმისთვის, რომ მისი გვარი NBA-ს დრაფტზე კომისიონერმა ადამ სილვერმა გამოაცხადოს?
გოგა სერბულ გუნდში 2015 წლის თბილისის “ვითადან” გადაბარგდა და მას შემდეგ საოცარი პროგრესი განიცადა. ქართველი ცენტრს კარგი შორეული ტყორცნა აქვს, სამწამიან ზონაში დამაჯერებლად ირჯება, ბევრ ბლოკ-შოტს ახორციელებს და ერთი-ერთზე თამაშშიც ყოჩაღია.
ბითაძე საქართველოს ასაკობრივი გუნდებიდან ეროვნულ ნაკრებში მოკლე დროში დაწინაურდა და თავი არ შეურცხვენია. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თბილისში გამოცდილ საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაში მან მოედანზე 20:40 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
“იმ მატჩში უდიდესი გამოცდილება მივიღე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ და თავი ნამდვილად არ შეგვირცხვენია. ვერავინ იტყვის, რომ მეტოქემ რამეში გვაჯობა”, - ამბობს ბითაძე და იქვე მოედანზე მისი პოზიციის შესახებაც საუბრობს.
“ეროვნულ გუნდში რამდენჯერმე 4 ნომრადაც მითამაშია, თუმცა, “მეგაში” ფარქვეშ უფრო გვიჭირს, ამდენად, ცენტრის როლში ვიტვირთები. 5 ნომრის პოზიცია ჩემთვისაც უფრო კომფორტულია, სიმაღლეს კარგად ვიყენებ და იერიშზე თამამად მივდივარ.
გასულ სეზონში თავდაჯერებულობა მაკლდა, ახლა კი, აღარაფერს ვუშინდები, მოხსნისთვის ბოლომდე ვიბრძვი და დაცვაშიც ნაკლებ ფოლს ვიღებ, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია, თუნდაც, მოედანზე უფრო მოქნილი რომ ვიყო”.
ცხადია, რომ გოგას უმთავრესი მიზანი NBA-ში თამაშია. ბერძნული გამოცემა ქართველ ლეგიონერს ამის შესახებაც დაეკითხა.
“დიახ, ეს ჩემი ოცნებაა! თუკი შრომას განვაგრძობ და კიდევ უფრო მოვუმატებ, ეს წარმოუდგენელი სულაც არაა. ჩემი მხრიდან, ამ მიზნისთვის ყველაფერს გავიღებ. მიხარია, რომ ამ მხრივ გუნდის მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს, მხოლოდ ის რად ღირს, რომ გამოცდილი კალათბურთელებით დაკომპექტებულ ადრიატიკის ლიგაში ამდენი სათამაშო დრო მეძლევა”.