„მანჩესტერ სიტის“ მცველ, ბენჟამენ მენდის, ოთხშაბათ საღამოს, ბარსელონაში მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა, მინდორს მხოლოდ გაისად დაუბრუნდება. თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გზავნილს ფოტოც დაურთო.
ბ
მენდიმ გასულ კვირას მანჩესტერულ დერბიში 90 წუთი ითამაშა. მაგრამ ორშაბათს, ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ბანაკის დატოვება მოუწია. მანჩესტერელის მაგიერ, მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, შეკრებაზე მისი ლიონელი მოგვარე, ჭაბუკი ფერლან მენდი გამოიძახა.
ბენჟამენმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი შარშან დაიზიანა და ამის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, ამ ოპერაციას წინასთან კავშირი არ ჰქონია.
„სიტიმ“ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი 2017 წელს, „მონაკოდან“ 52 მილიონ გირვანქად იყიდა.
წლევანდელ სეზონში მენდიმ პრემიერლიგის ათ მატჩში ითამაშა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.