ზაზა ფაჩულიას “დეტროიტმა” საამაყო გამარჯვება მოიპოვა. მიჩიგანელები აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერ ტორონტო რეპტორსს” სტუმრად, კანადაში შეხვდნენ და საფინალო სირენის თანხლებით, რეჯი ბალოკის ორქულიანის შემდეგ 106:104 იმარჯვეს.
დეტროიტელები მესამე პერიოდის შემდეგ 11 ქულით აგებდნენ, თუმცა დასკვნით 12-ქუთეულში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და შედეგიანი გაქცევა ბალოკის გამარჯვების ორქულიანით დაგვირგვინდა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 5 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 3-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 3 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა დააფიქსირა, რომელმაც 30 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
7 მოგებით და 6 მარცხით “დეტროიტი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 20 ნოემბერს, შინ “კლივლენდთან” გამართავს.