რიგით 69-ე და 71-ე იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ მოახლოებულ კიუშიუ ბაშოს გამოტოვებენ. აღნიშნულის მიზეზი ტრავმებია.
33 წლის ჰაკუჰომ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ვერ მოახერხა და მოახლოებული სუპერტურნირი გვერდზე დაურჩა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ”თეთრმა ფენიქსმა” მუხლზე მცირე ქირურგიული ჩარევა 18 ოქტომბერს გადაიტანა და წინასწარი ინფორმაციით, კიუშიუ ბაშოსთვის მწყობრში უნდა ყოფილიყო, თუმცა, ასე არ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ჰაკუჰომ სექტემბრის სუპერტურნირი მაქსიმალური შედეგით იგივე ძიონ-იუშოთი (15 მოგება) დაასრულა, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ათასმოგებიან ზღვარს გადააბიჯა და “იმპერატორის თასის” მფლობელი 41-ედ გახდა.
ბოლო დღეებამდე ელოდა ექიმთა ვერდიქტს “წერო-დრაკონის” მეტსახელით ცნობილი 33 წლისვე კაკურიუ, რომელსაც მარჯვენა მუხლი და კოჭი აწუხებს. საინტერესოა, რომ მან სექტემბერში ტოკიოს ბაშო 10 მოგებით გახსნა, თუმცა, შემდეგ მიჯრით 5 მარცხი განიცადა.
ამგვარად, უკვე ნათელია, რომ ნოემბრის სუპერტურნირზე ერთადერთ დიდ ჩემპიონს – რიგით 72-ე იოკოძუნა კისენოსატოს ვიხილავთ, რომელსაც გასულ შეჯიბრზე ასევე 10 გამარჯვება ჰქონდა.
სხვისი ტრავმები რა გასახარია, თუმცა, ფაქტია, რომ მოახლოებულ ბაშოზე ჰაკუჰოსა და კაკურიუს არყოფნა დამატებითი შანსია ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძისთვისაც, რომელიც 11-25 ნოემბერს დაგეგმილი ფუკუოკას ტურნირს დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ხვდება.