კალათბურთი

20:45 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Eurobasket.com: ბითაძე ტურის საუკეთესო კალათბურთელია

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ტიტულს ტიტულზე იღებს. ამჯერად, ჩვენებური ადრიატიკის ლიგის მე-6 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com აღიარა, რაც გოგას შედეგიანობის გათვალისწინებით მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბითაძის “მეგა ბემაქსი” სერბულსავე “პარტიზანს” დაუხვდა და პირველი მარცხი (74:81) განიცადა, გოგამ კი 32:14 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ათივე (!) ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 43-ს (!) გაუტოლდა და ეს მაჩვენებელი გასულ ტურში ვერავინ გადაფარა.
“ბითაძეს საოცარი საღამო ჰქონდა, რაც მის მიერ მოგროვებულ 28 ქულასა და 11 მოხსნაში გარდაისახა. გოგამ ყველა ორქულიანი ჩააგდო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის გარეშე “მეგა ბემაქსი” წარმოუდგენელია.
ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 20.8 ქულას აგროვებს, რაც ლიგაში მე-2 მაჩვენებელია, მოხსნებსა (9.5) და დაფარებებში (2.3) კი პირველია, ამასთან თამაშიდან 69.0%-ანი მაჩვენებლით უტევს”, - ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
შეგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსი” 5 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 ნოემბერს, ხორვატიაში “ზადართან” ჩაატარებს.

0.141638