როგორც სჩანს, 19 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონში “სეთონ ჰოლის” ერთ-ერთი ლიდერი იქნება. ამის თქმის საფუძველს პირველი საგამოფენო შეხვედრა გვაძლევს, სადაც სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
“სეთონ ჰოლმა” სტუმრად “ბოსტონის კოლეჯს” 76:62 სძლია, მამუკელაშვილს კი თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი დრო – 33:17 წუთი დაეთმო.
ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 8 ქულას 13 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი წაამატა.
სანდროს პასივში 2 დაკარგვა ჰქონდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ჩვენებურის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს.
“სეთონ ჰოლს” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში პირველი ოფიციალური მატჩი 6 ნოემბერს ელის, როდესაც “ვაგნერს” ეთამაშება.