რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატზე (ნოკაუტ-სისტემა) პირველი წრის მე-2 პარტიები მიილია, რის შემდეგაც ასეთი სურათი გვაქვს: ნანა ძაგნიძემ (2516), ბელა ხოტენაშვილმა (2477) და ნინო ბაციაშვილმა (2465) მე-2 რაუნდში გააღწიეს, სოფიკო ხუხაშვილს ტაი-ბრეიკი ელის, ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2477) ტურნირს გამოეთიშა.
დღეს, ძაგნიძემ კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს (2267) მე-2 პარტიაც მოუგო, ასეთივე ანგარიშით დაასრულა ბაციაშვილმა თავისი დაპირისპირება შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტთან (2373), ხოტენაშვილმა კი გუშინდელი ყაიმის მერე, ვიეტნამელი ფუნგ კიმ ტი ვო (2354) თეთრი ფიგურებით დაამარცხა და 1.5:0.5 იმარჯვა.
წარმატებული უნდა ვუწოდოთ ხუხაშვილის თამაშსაც, რომელმაც რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2498) ორივე პარტია ყაიმით დაასრულა და ხვალ, ტაი-ბრეიკი ელის. რაც შეეხება ჯავახიშვილს, მან ჩინელ ჯინერ ჟუსთან (2379) ორივე შეხვედრა წააგო.
უკვე ცნობილია, რომ მე-2 წრეში ძაგნიძე ჩინელ ტინჯიე ლეისა (2457) და უნგრელ ანიტა გარას (2370) წყვილში უმჯობესს შეხვდება, ხოტენაშვილი ხუხაშვილსა და ჰარიკას შორის გამარჯვებულს ელის, ბაციაშვილი კი ჩინელ მო ჟაის (2352) დაუპირისპირდება.