ფეხბურთი

13:50 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ერთა ლიგა პატარა გუნდების შანსია"

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ რუსულ გამოცემა Sovsport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველი ფეხბურთელი შეეხო, როგორც საკლუბო საკითხს, ისე სანაკრებო თემას.

კვირკველიას განცხადებით, ერთა ლიგა პატარა ქვეყნებისთვის შანსია და საქართველოს შეუძლია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა.

- „ლოკომოტივში“ 2017 წლის თებერვლიდან ხართ...

- ჩემს მენეჯერს კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ყველაფერი სწრაფად მოხდა, „რუბინი“ დიდ თანხას ითხოვდა და საბოლოოდ, 2017 წლის ზაფხულში გავხდი „ლოკომოტივის“ სრულფასოვანი წევრი. მას შემდეგ, რაც რუსეთის თასი მოვიგეთ.

- იური სიომინი პირადად იყო დაინტერესებული?

- ეს მართალია. „ლოკომოტივში“ გადასვლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება სიომინს, მასზე დიდი ხნით შემიძლია საუბარი. თავაზიანი და კარგი პიროვნებაა, ფეხბურთით ცხოვრობს. „ლოკომოტივის“ ფანებს მისდამი უსასრულო პატივისცემა აქვთ. ალბათ, „ლოკომოტივთან“ უფრო მეტად არავინ ასოცირდება და სიომინისთვისაც „ლოკო“ მთელი ცხოვრებაა.

- ნახევარი წელი იჯარით ითამაშეთ.

- როდესაც გადავედი, არაფერი მაინტერესებდა, მხოლოდ თამაში მინდოდა. იმ დროისთვის „ლოკომოტივი“ ცხრილის შუაში იყო და ტიტულისთვის არ იბრძოდა. თუმცა, თასის მოგება მაინც მოვახერხეთ.

- პირველად როდის მიხვდით, რომ ჩემპიონობა შეგეძლოთ?

- სეზონი კარგად დავიწყეთ. ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა გვქონდა, სამი გამარჯვება და ერთი ფრე „რუბინთან“. ლიდერები ვიყავით, მაგრამ „ზენიტი“ მაინც წინ იყო. ყველაფერი შეცვალა სანქტ-პეტერბურგში გამართულმა მატჩმა. ვიცოდით, რომ თუ წავაგებდით რთული იქნებოდა, ხოლო თუ მოვიგებდით, ყველაფერი ჩვენს ხელთ იქნებოდა. ჩემპიონები ღირსეულას გავხდით.

- შემოდგომაზე გოლის გატანის პრობლემა გქონდათ?

- იყო დაძაბულობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სიტუაციას გავუმკლავდით და გატანა დავიწყეთ.

- როდესაც ედერმა „ზენიტს“ გაუტანა, რა მოიმოქმედეთ?

- მოედანზე დავეცი და საკუთარ თავს ვუთხარი: კარგია, ყველაფერი დასრულდა, მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა, ჩემპიონები ვართ! სიტყვების პოვნა ძნელია, ეს წარმოუდგენელი ემოცია იყო.

- ძლიერი სეზონის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო...

- ფეხბურთს ვუყურებდი და ვვარჯიშობდი. შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ვნახე. რუსეთმა შესანიშნავად ითამაშა, ვქომაგობდი „ლოკომოტივის“ ბიჭების გამო. ისინი ჩემი მეგობრები არიან. გუნდი კარგად თამაშობდა და ასეთ შედეგს არავინ ელოდა.

- რომელი გუნდი მოგეწონათ?

- როგორ ითამაშა საფრანგეთმა! მანქანა! ყველა გაანადგურა.

- ერთა ლიგა ეხმარება საქართველოს, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს?

- ერთა ლიგის ტურნირი კარგად დავიწყეთ. ყველა ერთად ვმუშაობთ ფეხბურთელები, ფედერაცია. ჩვენ არ გვაქვს ფეხბურთელთა ისეთი ფართო არჩევანი, როგორც რუსეთს, პატარა რესურსი გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, რომ სტაბილური გუნდი გავხდეთ.

- 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი თამაში წააგო, ლუქსემბურგთან (0:1)...

- ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, განსაკუთრებით შეტევაში. გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთოთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ.

- მოგწონთ ერთა ლიგის ფორმატი, სადაც ერთი და იგივე დონის გუნდები ეთამაშებიან ერთმანეთს?

- დიახ. პატარა გუნდებისთვის ეს კარგი გამოსავალია. იმიტომ არა, რომ არ გვინდა გერმანიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან თამაში, მაგრამ ბრძოლა რთულია. მათთან თამაში საინტერესოა, მაგრამ როგორც წესი შედეგის მიღწევა ძნელია. ერთა ლიგა კი შანსია, რომ ევრო 2020-ზე პრობლემების გარეშე გავიდეთ.

- „ენისეისთან“ 12 ნაკერი დაგადეს...

- ეს იყო ძალიან მტკივნეული. ბევრი სისხლი დავკარგე, მაგრამ შეცვლა სარისკო იყო, რადგან მეტოქე გამუდმებით გვიტევდა და სათადარიგო სკამზე მცველიც არ იყო. გასახდელში ექიმმა დაზიანების ფოტო მაჩვენა და ლამის გონება დავკარგე.

- ასე თამაში რთული არ იყო?

- ამაზე არ ვფიქრობდი, მხოოლოდ გამარჯვებას უკავშირდებოდა ჩემი ფიქრები. ასეთ დროს მხოლოდ შედეგია მნიშვნელოვანი, სხვა არაფერი.

- „ლოკომოტივი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა...

- ტირილი მინდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ვუსმენ. ვინაიდან, მახსენდება ის წლები, როდესაც ბავშვი ვიყავი და ტელევიზორში ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგას და ვუსმენდი ჰიმნს. ვოცნებობდი, რომ ფეხბურთელების ადგილზე ვყოფილიყავი.

- რატომ ვერ მოიგო „ლოკომოტივმა“ თამაში?

- ვფიქრობ, ტურნირი ახლა რომ დაწყებულიყო, 6 ქულა მაინც გვექნებოდა, რადგან კარგ ფორმაში ვართ. ასევე, არ გაგვიმართლა, ისეთ გოლებს ვერ ვიტანთ, როგორებსაც რუსეთის ჩემპიონატში ვიტანთ. მაგალითად „პორტუსთან“ მე-20 წუთისთვის 2:0 შეიძლებოდა წაგვეყვანა ანგარიში, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

- სამი ტური დარჩა. იმედი გაქვთ?

- გვწამს. არის შანსი, რომ ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ყველაფერი „პორტუსთან“ გამარჯვებით უნდა დავიწყოთ.

- „ლოკომოტივში“ ქართველებს უმართლებთ. ეთანხმებით?

- როცა ჩამოვედი ეს მითხრეს კიდეც. თავდაპირველად სასაცილო იყო, მაგრამ სიომინი ამას მუდმივად იმეორებდა. ორი წარმატებული წლის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ეს ხუმრობა სულაც არაა.

- კომუნიკაცია გქონდათ ჯანაშიასთან და ასათიანთან?

- საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა იცნობს ერთმანეთს. საქართველოში „ლოკომოტივი“ ძალიან უყვართ და ყველამ იცის, რომ დიდი გუნდია.

- რატომ თამაშობთ 33 ნომრით?

- თავიდან მინდოდა 5 ნომერი ამეღო, მაგრამ დაკავებული იყო. შემდეგ ჩემმა მეგობარმა ინალ გეტიგეჟევმა მირჩია 33 ნომერი, როგორც „რუბინში“ და მას შემდეგ არ შევიცვალე.

- ვინ არის გუნდში თქვენი უახლოესი მეგობარი?

- ადრე ალან კასაევი იყო. ახლა კი დმიტრი ბარინოვი, დმიტრი ტარასოვი, რიფატ ჟემალეტდინოვი, რომელსაც „რუბინიდან“ ვიცნობდი. ზოგადად, ბევრი მეგობარი მყავს.

- მოსკოვში სადაა საუკეთესო ხინკალი?

- ქართულ რესტორენბში ხშირად არ დავდივარ. მოსკოვში მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი. დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან მიყვარს ბორშჩი, არ შემიძლია მასზე უარი თქმა.

- ქართველებს სიმღერა უყვართ. თქვენ?

- რა თქმა უნდა. ვმღერი და ვცეკვავ. არავის უთქვამს, რომ ცუდად ვცეკვავ, თორემ აღარ ვიცეკვებდი.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- მომწონს სახლში ჩემს ოჯახთან ერთად დარჩენა. მივდივართ რესტორანში ან კინოთეატრში. ავტოგრაფებზე და ფოტოებზე უარი არასდროს მითქვამს, რადგან სასიამოვნოა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

- რუსეთში მოთამაშე ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. ჭანტურია, ოქრიაშვილი და ჯანო ჩემი ახლო მეგობრები არიან.

- რომელი ტოპ ფეხბურთელი მოგწონდათ ბავშვობაში?

- იტალიელი მცველები დომინირებდნენ. ყოველთვის ვუყურებდი ფაბიო კანავაროსა და პაოლო მალდინის. ახლა მომწონს სერხიო რამოსი, საოცარი შედეგები აქვს. ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო.

- ვინაა საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

- კახა კალაძე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ალექსანდრე ჩივაძეს, მაგამ მისი თამაში არ მახსოვს. 1992 წელს დავიბადე და კალაძის თამაში კარგად მახსოვს. ჩემპიონთა ლიგა და სერია A არაერთხელ მოიგო. შედეგებით ის ნამდვილად საუკეთესოა.

- რა არის თქვენი ოცნება?

- ჩემი ნათესავები და ოჯახი წევრები ჯანმრთელად იყვნენ. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. მინდა გავაგრძელო მუშაობა მაღალ დონეზე.

- მწვრთნელობა გინდათ?

- არ მინდა ამის შესახებ ფიქრი, რადგან ცოტა ხანს თამაშს კიდევ ვაპირებ.

0.133866