გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკალათბურთო ევროთასის მე-5 ტურში მე-4 გამარჯვება იზეიმა და D ჯგუფს ყაზანის “უნიკსთან” ერთად ლიდერობს.
მალაგელები იტალიურ “ტურინს” ესტუმრნენ და უხვქულიან მატჩში 105:104 იმარჯვეს, ქართველი ცენტრი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:04 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა (ფერნანდესი – 19, სალინი – 11, დიეზი – 14, შერმადინი – 14, რობერტსი – 12, ვილჯერი – 17). “უნიკახას” წარმატებული გარჯა სწორედ კარგმა გუნდურმა თამაშმა გამაპირობა.
მალაგელებს მომდევნო მატჩი 7 ნოემბერს ელით, როდესაც შინ ლიტვურ “რიტასს” დაუხვდებიან.