ფეხბურთი

10:46 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო კოვაჩი: „ბაიერნი“ თავად იქმნის პრობლემებს“

გერმანიის თასის 1/16 ფინალში „ბაიერნი“ ოსნაბრიუკში დაბალლიგელ „როდინგჰაუზენს“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა, თუმცა ეს მოგება იოლი არ ყოფილა.

მე-8 წუთზე ანგარიში მიუნხენელმა სანდრო ვაგნერმა გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ტომას მიულერმა. 23-ე წუთზე „როდინგჰაუზენის“ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ბავარიელთა პორტუგალიელმა რენატუ სანშეშმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. მერე გაბედეს და მედგრადაც შეუტიეს მრისხანე სტუმრებს. თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბაიერნი“ თასის 1/8 ფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ „ბაიერნის“ მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა თავის ფეხბურთელებს საგოლე მომენტების რეალიზაცია დაუწუნა.

„შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდოდა და ამოცანა შევასრულეთ. მეორე პენალტამდე კარგად ვთამაშობდით, მერე კი მოწინააღმდეგეს დავუთმეთ ინიციატივა. კიდევ მინიმუმ ორი-სამი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ თამაში სხვაგვარად წარიმართა. ცოტა ვინერვიულეთ კიდეც. თვითონ ვუქმნით პრობლემებს საკუთარ თავს. ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ ცოტა გოლი გაგვაქვს. ამ საკითხზე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.“ - განუცხადა კოვაჩმა კლუბის პრესსამსახურს.

0.113502