“გიპუზკოა ბასკეტმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე იცავენ, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ქართველ ლეგიონერთა გუნდს ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული, დღეს კი, შინაურ კედლებში ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიას” დაუხვდა და 74:63 სძლია. სასიხარულოა, რომ წარმატებულ შეხვედრაში ორივე ჩვენებურმა ითამაშა.
სანაძემ მოედანზე 14:37 წუთი გაატარა და აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა სპურტი მე-3 მეოთხედის მიწურულს მოედანზე დუდას გამოჩენას მოჰყვა. ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სანაძემ 2-დან 1 სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. დუდას მოედანზე ყოფნის პერიოდში, “გიპუზკოა ბასკეტმა” სტუმრებზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ბურჯანაძემ, რომელიც მოედანს ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა, 3:54 წუთი ითამაშა და 2 საჯარიმო ააცილა, აქტივში შეტევაში მოხსნა ჰქონდა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
“გიპუზკოა ბასკეტი” ერთადერთი მოგებით კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, სტუმრად, “ობრადოიროსთან” გამართავს.