ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდ “სარაგოსას” დაუხვდა და 98:82 იმარჯვა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელებს ექვს ტურში 5 მოგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, სტუმრად, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავენ.
წარმატებას მიაღწია “იბეროსტარ ტენერიფემაც”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.
ტენერიფელებმა შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” სტუმრად 96:81 სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 21:16 წუთში 12 ქულა და 2 პასი მიითვალა.
თადმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფეს” 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-5 პოზიციაზეა, შემდეგი მატჩი კი 3 ნოემბერს, შინ, ხსენებულ “სარაგოსასთან” ელის.