კალათბურთი

13:17 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი გუნდებისთვის კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი ამოქმედდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი, მოზარ კალათბურთელებზე გათვლილი პროექტი შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. პროექტის თანახმად, იმ გუნდებს, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ 12-13 წლამდელთა შიდაჩემპიონატში (Junior NBA), საერთაშორისო ტურნირში სამონაწილეოდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან დაფინანსებას მიიღებენ. პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოთ მოზარდი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ წარმატებულ გუნდებს, რათა მათმა წევრებმა საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება მიიღონ და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თამაშით მეტი კონკურენციის პირობებში განაგრძონ განვითარება.

გასული სეზონის Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან ბალტიის ლიგაში ასპარეზობისთვის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბათუმმა” საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანმა “იბერმა” ასევე მიიღო ფედერაციის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება და ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 18-21 ოქტომბერს საწყისი ტურის მატჩები ჩატარდა.

“ზაზას აკადემიამაც” და “იბერმაც” იდენტური შედეგი აჩვენეს. ორივემ 5 მატჩიდან 4 შეხვედრა მოიგო და რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა. მთლიანობაში, ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ზაზა” “ა” ჯგუფშია, ხოლო “იბერი” – “ბ”-ში. შესაბამისად, ორივე მათგანი რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 15 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც საუკეთესოები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირი თბილისის “ჰიუნდაიმ” მოიგო, რომელიც ტურნირში საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა. “ჰიუნდაი” წლევანდელ გათამაშებაში ისევ საკუთარი ფინანსებით მონაწილეობს.

“ზაზა”, “იბერი” და “ჰიუნდაი” აგრძელებენ ბალტიის ლიგაში ასპარეზობას და მორიგი ტურების სათამაშოდ ბალტიისპირეთში 25-27 იანვარს და 15-17 მარტს გაემგზავრებიან. 5 მატჩიდან 4 გამარჯვებით “ზაზა” “ა” ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო 5-დან 3 მოგებით “ჰიუნდაი” მე-5 პოზიციაზე იმყოფება. “იბერი” “ბ” ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-3 ადგილზე იმყოფება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აპირებს, დახვეწოს გუნდებისთვის თანადაფინანსების კრიტერიუმები, თუმცა, სანამ ეს მოხდება, დაფინანსების განმსაზღვრელი იქნება “ჯუნიორ NBA-GBF” ლიგა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად 12 და 13 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 50-ამდე გუნდი მონაწილეობს.

გაგაცნობთ ლატვიაში ჩატარებული ბალტიის ლიგის საწყის ტურებში ჩატარებული ქართული გუნდების შედეგებს:
(სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშებზე)

ზაზას აკადემია

ლიმბაზი (ლატვია) – ზაზა 37 : 56

Video ზაზა – ცმოკი (ბელარუსი) 46 : 47

ვისაგინასი (ლიტვა) – ზაზა 44 : 58

ზაზა – რიჟდენე (ლატვია) 45 : 38

ზაზა – სოკუ (ესტონთი) 51 : 45

იბერი

ჯამპ ბოლ (რუსეთი) – იბერი 20 : 50

ადმირალსი (მოლდოვა) – იბერი 21 : 44

იბერი – ბელოსტენნი (უკრაინა) 48 : 33

Video ნოკია (ფინეთი) – იბერი 29 : 52

Video იბერი – კრაუკლა (ლატვია) 28 : 43

ჰიუნდაი

Video ჰიუნდაი – რიჟდენე (ლატვია) 50 : 38

Video ცმოკი (ბელარუსი) – ჰიუნდაი 56 : 30

ჰიუნდაი – ტრინტა (რუსეთი) 40 : 42

ვისაგინასი (ლიტვა) – ჰიუნდაი 36 : 55

ჰონკა (ფინეთი) – ჰიუნდაი 44 : 47

www.gbf.ge

0.117573