ჟოზე მოურინიო ისევ კრიტიკის ობიექტია. „მანჩესტერმა“ „იუვენტუსთან“ შინ წააგო, მაგრამ მთავარი ინგლისელთა თამაშის ხარისხი იყო. „წითელი ეშმაკები“ ძალზე უსუსურად ირჯებოდნენ და დამსახურებულადაც დამარცხდნენ.
„იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი რიო ფერდინანდი კი გუშინდელ თამაშს საინტერესოდ აფასებს - კაცები ბავშვების წინააღმდეგ:
„იუვენტუსი“ ყველა ასპექტში მაღლა იდგა: ფიზიკური კონდიციებით, ინდივიდუალურად, ხარისხით. „ბიანკონერიმ“ აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. თუ ეს თამაში ორი სიტყვით უნდა დავახასიათო, მაშინ ვიტყოდი, რომ ეს იყო კაცები ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა ფერდინანდმა.
მშობლიური გუნდის თამაში შეაფასა მანკუნიანელთა კიდევ ერთმა ლეგენდამ, პოლ სქოულზმა:
„ბოლო ორი კვირა განსხვავებული იყო, მისი დამოკიდებულება ფეხბურთელების მიმართ შეიცვალა. თუმცა, ეს „იუვენტუსი“ სხვა სიმაღლეზეა, ტექნიკურად, ტაქტიკურად და „მანჩესტერს“ უბრალოდ ბევრად აღემატება. ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია. “იუნაიტედი“ კი ბევრად უნდა გაიზარდოს, რომ ამ ასეთი გახდეს“, - აღნიშნა პოლმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერს“ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფიდან გასასვლელად „ვალენსიასთან“ მოუწევს ჭიდილი.