ბერძნულ პორტო კარასში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში მე-5 ტური მიილია. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კაჭარავას (2373) აქვს, რომელსაც 14-წლამდე ვაჟთა ტურნირში 4.5 ქულა აქვს და მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
მე-6 ტურში კაჭარავა შავი ფიგურებით კოლუმბიელ ხოსე გაბრიელ კარდოსოს (2313) ეთამაშება, რომელიც ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ამავე კატეგორიაში გიორგი ნაყოფია (1857) 2.5 ქულით 82-ეა. 14-წლამდე გოგონებში დიანა ლომაია (1876) 2.5 ქულით 65-ე ადგილზეა.
16-წლამდელთა შეჯიბრში 4.0 ქულით მეორე-მეთექვსმეტე პოზიციებს ინაწილებს ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2343), რომელიც პირველ ადგილზე მყოფ სომეხ შანტ სარგსიანს (2463) ქულით ჩამორჩება. 16-წლამდე გოგონებში თამარ ესაძე (1911) 2.0 ქულით მე-60 საფეხურზეა.
18-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ ცომაიას (2201) 2.5 ქულით 45-ე შედეგი აქვს, 18-წლამდე გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (2081) 3.5 ქულით მეთხუთმეტეა.